კრიპტოვალუტა

ჩინელი ეკონომისტი: თუ ბიტკოინი ფართოდ იქნება აღიარებული, ყველანი მოვკვდებით

პეკინის ბანკის წარმომადგენელმა, ქუ ქიანგიმ სამთავრობო ტელევიზიის ეთერში კრიპტოვალუტის მარკეტისა და ბიტკოინის განვითარების შესახებ ისაუბრა, სადაც მან თქვა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინი წარმატებას მიაღწევს და ის ფართოდ იქნება აღიარებული, მაშინ ყველანი მოვკვდებით. 

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ მოელოდა ის მოვლენების ასეთ განვითარებას, ქუანგიმ უპასუხა: 

"ყველანი მოვკვდებით და ეს ხუმრობა არ არის. მიზეზი კი ისაა, რომ ბიტკოინს შეზღუდული რაოდენობის მიწოდება აქვს და მისი მაქსიმალური რაოდენობა ვერ გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დეფლაციურია. 

ბიტკოინის რაოდენობა ვერ დაეწევა კაცობრიობის ზრდის ტემპს და ეკონომიკურ განვითარებას, რაც დეფლაციის სასიკვდილო წრემდე მიგვიყვანს, რომელიც საზოგადოების აფეთქებას გამოიწვევს.

სწორედ ასეთი რამ მოხდა მინის დინასტიის პერიოდში, რაც ვერცხლის დეფიციტით იყო გამოწვეული". 

ექსპერტების განმარტებით, ფუნდამენტურად ბიტკოინი მართლაც დეფლაციურია, რადგან მისი მიწოდება პროგრამულად 21 მილიონამდეა შეზღუდული, თუმცა თითო ბიტკოინის გაყოფა ას მილიონ უმცირეს ერთეულად, ანუ სატოშიდ შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცირკულაციაში ორ კვადრილიონ სატოშიზე მეტი იარსებებს, ეს კი ბიტკოინის გაყოფისა და დანაწევრების პრობლემას აგვარებს. 

მინის დინასტიის დასრულის მხოლოდ ვერცხლის დეფიციტთან დაკავშირება კი ისტორიის უგულებელყოფაა. ბრიტანეთის მსოფლიო ისტორიის მუზეუმის განმარტებით, მინის დინასტიის ეკონომიკური კოლაფსი ქაღალდის ფულის გადაჭარბებული რაოდენობით გამოცემითა და ჰიპერინფლაციით იყო გამოწვეული. 

ქიანგიმ ეკონომიკის დოქტორის ხარისხი რენმინის ჩინეთის უნივერსიტეტში მიიღო და ის კომუნისტური მთავრობის პროპაგანდისტად ითვლება. სავარაუდოდ, მისი პოზიცია უკანასკნელ დღეებში კრიპტოვალუტის მიმართ ჩინეთის მარეგულირებელი ორგანოს პოზიციის გამკაცრებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, ჩინეთი კრიპტოვალუტის ვაჭრობისა და მაინინგის აკრძალვას უშედეგოდ ცდილობს. მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა, ჩინეთი მაინინგისა და გლობალური ჰაშრეიტის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.


18 მაისს ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანომ გაავრცელა განცხადება კრიპტოაქტივებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ, რომლის მიხედვით, ბანკებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და საგადასახადო კომპანიებს ეკრძალებათ კრიპტოვალუტით ვაჭრობა. 

თავად აღნიშნული კანონი ახალი არ არის და ჩინეთმა ის 2017 წელს მიიღო, თუმცა 18 მაისის განცხადებაში სამმა ჩინურმა ინდუსტრიულმა ჯგუფმა, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფინანსურ სექტორს, განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მზარდი პოპულარობის მიუხედავად, კომპანიებმა და ბანკებმა ჩინეთის კანონმდებლობა უნდა დაიცვან. 

გარდა ამისა, ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ კრიპტოვალუტას არ აქვს ფუნდამენტური თვითღირებულება და მისი ფასი სპეკულაციურ შეფასებაზეა დამოკიდებული, კრიპტომარკეტის მანიპულირება კი "ექსტრემალურად მარტივია". 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის კანონმდებლობაში არაფერი შეცვლილა და მარეგულირებელმა ორგანომ 4 წლის წინ მიღებული კანონი გაიმეორა, ბიტკოინის ფასი ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში 10%-ით, თითქმის 38 000 დოლარამდე შემცირდა. 

 

კომენტარები