ომბუდსმენი

ომბუდსმენმა იმედი L-ის მხრიდან ჭარბწონიანობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის მხრიდან სიმსუქნის დიაგნოზის მქონე დაზღვეულის მიმართ ჭარბწონიანობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, სადაზღვევო კომპანია საგამონაკლისო შემთხვევას – "წონის კორექციასთან დაკავშირებულ ხარჯებს" აიგივებს სიმსუქნის დიაგნოზთან, რომლის წინაპირობასაც ჭარბწონიანობა წარმოადგენს. შედეგად, ჭარბწონიანობიდან გამომდინარე სიმსუქნის დიაგნოზის მქონე პაციენტები ვერ სარგებლობენ იმ გამოკვლევებისა და მანიპულაციების ანაზღაურების უფლებით, რომლებიც აღნიშნული პრობლემისა და შესაბამისი დიაგნოზის არარსებობის შემთხვევაში აუნაზღაურდებოდათ.

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ კომპანიის პრაქტიკა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ჭარბწონიან პაციენტებს და უზღუდავს მათ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლებას

"სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სს სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის გენერალურ დირექტორს მომავალში, მომხმარებლებთან გაფორმებულ ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებებში წონის კორექციასთან დაკავშირებული საგამონაკლისო შემთხვევის ფორმულირება მოხდეს იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ჭარბი წონისა და სიმსუქნის მართვის პროტოკოლს; ხოლო, იმ დაზღვეულებთან მიმართებით, რომლებთანაც, დღეის მდგომარეობით, უკვე გაფორმებულია ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებები, "წონის კორექციასთან დაკავშირებული ხარჯების" განმარტება და პრაქტიკაში აღსრულება მოხდეს ჭარბი წონისა და სიმსუქნის მართვის პროტოკოლის შესაბამისად". – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა მოუწოდა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, წინამდებარე რეკომენდაცია გაუზიაროს საქართველოში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებს.

კომენტარები