ომბუდსმენი

რელიგიათა საბჭო: ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ომბუდსმენის წინააღმდეგ თავდასხმების გამო

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო განცხადებას ავრცელებს. საბჭო გამოხატავს ღრმა შეშფოთებასა და გულისტკივილს პირადად საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და მისი თანამშრომლების, ასევე ზოგადად, ომბუდსმენის ინსტიტუტის წინააღმდეგ გახშირებული უსაფუძვლო თავდასხმების გამო.

"საჭიროდ მივიჩნევთ, შევახსენოთ ყველას, რომ სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი; მისი ვალდებულებაა პირნათლად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე დაიცვას ადამიანები, რომელთა უფლებები ილახება, დაიცვას ისინი ნებისმიერი წნეხისა და ზეწოლის მიუხედავად.

განსაკუთრებით დიდ შეშფოთებასა და მიუღებლობას იწვევს ის გარემოება, რომ გაჟღერებული შეუწყნარებლობა, სიძულვილი, დევნისა და ძალადობისკენ მოწოდება, ხშირად, რელიგიისა და პატრიოტიზმის სახელითაა შენიღბული. რელიგიასა და სამშობლოს სიყვარულს საერთო არაფერი უნდა ჰქონდეს სიძულვილთან". – ნათქვამია განცხადებაში.

საბჭო დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ შეტევა, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდება საქართველოს მოქალაქეების გამო, რომლებიც სიძულვილისა და შეუწყნარებლობის მასობრივ გამოხატვას  ნეგატიურად და კრიტიკულად აფასებენ.

"კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პატივისცემას უშუალოდ სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისადმი და მივიჩნევთ, რომ ომბუდსმენის შრომას  განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის". – ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
  • საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
  • ევანგელისტური ეკლესია
  • ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  • ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია
  • სახარების რწმენის ეკლესია
  • აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
  • ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  • მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  • სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • ხსნის არმია
  • ევანგელური ეკლესია "ურყევი საფუძველი

7 მაისს პუტინისტურმა ჯგუფებმა, სასულიერო პირებმა და პრორუსული მედია ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდამჭერი აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები ომბუდსმენის გადადგომას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს.  აქციის მონაწილეები აგრესიით გამოირჩეოდნენ მედიის მიმართ და ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოსვლები ჰქონდათ.

კომენტარები