ომბუდსმენი

ომბუდსმენმა მარშის ქსენოფობიურ აქციაზე შეშფოთება გამოხატა

საქართველოს სახალხო დამცველი 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან ქსენოფობიური დაჯგუფების, ქართული მარშის, აქციას გამოეხმაურა. 

განცხადებაში წერია, რომ ომბუდსმენი შემაშფოთებლად მიიჩნევს ქსენოფობიურ აქციას, რომლის დროსაც ადამიანებს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, შენობაში შესვლისას დაბრკოლებას უქმნიდნენ. 

"აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მქონე პირის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც,"- წერია განცხადებაში. 

ძალადობრივმა, ქსენოფობიურმა დაჯგუფებამ "ქართული მარში" 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან აქცია გამართა. მარშის წევრები შენობის პიკეტირებას ცდილობდნენ და უცხოელებს სახელმწიფო დაწესებულებაში არ უშვებდნენ. 

ნეოფაშისტური დაჯგუფების წევრები ამბობდნენ, რომ შენობის პიკეტირების მიზენი ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე (მიწასთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ძალაში 16 დეკემბერს, არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შევა) უცხოელებისთვის იუსტიციის სახლში არშეშვებაა, რათა მათ მიწების დარეგისტრირება ვერ შეძლონ. 

პოლიციამ ძალადობრივი ჯგუფი არ დაშალა და ნაცვლად ამისა, სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს, რითიც მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის იუსტიციის სახლში შესვლა კიდევ უფრო მეტად გართულდა. 

კომენტარები