კორონავირუსი

ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში ახალი, უფრო გადამდები შტამი აღმოვაჩინეთ

ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრის, ნგუნ თან ლონგის თქმით, 29 მაისს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რაც კორონავირუსის ე.წ. ინდური და ბრიტანული შტამის ჰიბრიდია.

პანდემიის დასაწყისიდან ვიეტნამში კორონავირუსის გავრცელებას ცოტა დადასტურებული შემთხვევით წარმატებით მართავდნენ, თუმცა ახლა ქვეყანაში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება. 

აპრილის ბოლოდან ამ დრომდე ვიეტნამის 63 ქალაქიდან 31-ში დაახლოებით 3 600 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევებიდან ნახევარზე მეტია. 

"გენეტიკური სეკვენირების შემდეგ იმ პაციენტების ნიმუშებიდან, რომლებსაც ვირუსი ახლახან დაუდასტურდათ, აღმოვაჩინეთ ახალი ვარიანტი, რაც ინდური და ბრიტანული შტამების ნაზავია. უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური ვარიანტი მუტაციით, რომელიც თავდაპირველად ბრიტანული ვარიანტის მუტაცია იყო". - თქვა მინისტრმა. 

მინისტრის თქმით, ახალი ვარიანტი წინა ვარიანტებთან შედარებით უფრო გადამდებია, ვირუსი სწრაფად მრავლდება და სწორედ ამიტომ დადასტურდა მოკლე ხანში ბევრი ახალი შემთხვევა სხვადასხვა ადგილას.

მანამდე, ვიეტნამში ვირუსის 7 შტამი აღმოაჩინეს: B.1.222, B.1.619, D614G, B.1.1.7 (ბრიტანული შტამი), B.1.351, A.23.1 and B.1.617.2 (ინდური შტამი).

ვიეტნამში კორონავირუსის 6 396 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 47 პაციენტი ემსხვერპლა. ქვეყანაში 97 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები