კორონავირუსის წარმოშობა

აშშ ჯანმო-ს ჩინეთში Covid-19-ის წარმოშობის კვლევის მეორე ეტაპის ჩატარებისკენ მოუწოდებს

დაცვა უხანის ბაზრობასთან. 31 იანვარი, ჯანმო-ს გამომძიებლების ვიზიტის დღე.

აშშ-მ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების მეორე ფაზის ჩატარებისკენ მოუწოდა. აშშ ითხოვს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტებს ჩინეთში თავდაპირველ მონაცემებზე და ნიმუშებზე წვდომა ჰქონდეთ.

გაეროში აშშ-ს მისიის განცხადებით, ჯანმო-ს პირველადი კვლევა "არასაკმარისი და დაუსრულებელია". აშშ დროულ, გამჭვირვალე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეორე გამოძიების ჩატარებას მოითხოვს, მათ შორის, ჩინეთშიც.

"კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა დამოუკიდებელ ექსპერტებს სრული წვდომა მისცეს მთლიან, თავდაპირველ მონაცემებზე და ნიმუშებზე, რაც რელევანტური იქნება ვირუსის წყაროს და პანდემიის ადრინდელი სტადიის გასაგებად". - წერია აშშ-ს განცხადებაში.

ამავდროულად, ჩინეთი აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს "ყოვლისმომცველ კვლევას კორონავირუსის ყველა ადრეული შემთხვევისა, რაც მსოფლიოში ნახეს და საფუძვლიან გამოძიებას მთელ მსოფლიოში ზოგიერთ საიდუმლო ბაზასა და ბიოლოგიურ ლაბორატორიაში". 

27 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სამსახურებს Covid-19-ის წარმოშობის გამოძიება დაავალა. მათ შორის იმ თეორიის გამოკვლევა, რომ ვირუსი ჩინეთში ლაბორატორიაში წარმოიშვა.

ბაიდენის თქმით, სადაზვერვო სამსახურების აზრი ორად იყო გაყოფილი საკითხზე, ვირუსი ლაბორატორიაში წარმოიშვა, თუ ის ადამიანისა და ინფიცირებული ცხოველის კონტაქტის შედეგად გავრცელდა.

ბაიდენმა ანგარიშის მოსამზადებლად სადაზვერვო სამსახურებს 90 დღე მისცა.

ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიაში წარმოშობის თეორიას უარყოფს.

2019 წელს ჩინეთის ქალაქ უხანში Covid-19-ის შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, მსოფლიოში ინფექციის 168 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

2021 წლის თავდაპირველად, თებერვალში უხანში ჯანმო-ს ჯგუფის თითქმის ერთთვიანი ვიზიტის შემდეგ ჯანმო-ს ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ბენ ემბარეკმა, განაცხადა, რომ ვირუსის სავარაუდო წყაროდ კვლავ ღამურა რჩება, მან ისიც აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემა გაყინული საკვებით ვარაუდია, რომელიც შემდგომ უნდა გამოიძიონ, ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის ალბათობაზე კი თქვა, რომ ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდოა და ამის შემდგომი შესწავლა საჭირო არ არის. 

"შესაძლო გზა ცხოველთა ორიგინალური სახეობებიდან ხუნანის ბაზრობამდე შეიძლება ძალიან გრძელი და მიხვეულ-მოხვეული ყოფილიყო და ის საზღვრებს მიღმა გადაადგილებასაც მოიცავდეს". - თქვა მან. 

ჩინეთი ხშირად უსვამს ხაზს მოსაზრებას, რომ ვირუსი, შესაძლოა, გაყინული საკვებიდან ადამიანზე გადასულიყო და განუწყვეტლივ აშუქებენ სიახლეებს იმპორტირებული საკვების შეფუთვიდან კორონავირუსის კვალის პოვნის შესახებ.

მოგვიანებით, თებერვალში ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფმა, რომელიც კოვიდ-19-ის წარმოშობასა და გავრცელების დეტალებს იკვლევს, დაადგინა, რომ ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი იმაზე დიდი იყო, ვიდრე აქამდე ეგონათ. ასევე, მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, 2019 წლის დეკემბერში, ამ ქალაქში, ვირუსის 13-მდე შტამი არსებობდა.

მკვლევართა ჯგუფი ჩინეთს სთხოვდა, დაუყოვნებლივ გადაეცა ასიათასობით სისხლის ნიმუში, რომელთა გაზიარებაზეც მთავრობამ უარი თქვა. 

“ვირუსი უხანში დეკემბერში ფართოდ ვრცელდებოდა, რაც ახალი აღმოჩენაა”. - თქვა ბენ ემბარეკმა, ჯანმო-ს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, CNN-თან რეპორტაჟის დროს.

მკვლევართა ჯგუფმა ასევე თქვა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის დაფიქსირების 174 შემთხვევის შესახებ. აქედან 100 შემთხვევა ლაბორატორიულად იყო დამტკიცებული, 74 კი დიაგნოსტიკურად, პაციენტთა სიმპტომებზე დაყრდნობით. თუკი 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში კოვიდ-19-ის 174-მდე შემთხვევა უკვე არსებობდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თვის მეორე ნახევარში უკვე 1000-ზე მეტი ინფიცირებული იქნებოდა.

ამასთან ერთად, ჩინეთმა უარი განაცხადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიეწოდებინა პირველადი მონაცემები ადრეულ Covid-19-ის შემთხვევებზე.

"ჩინეთის ხელისუფლებამ უარი თქვა Covid-19-ის 174 შემთხვევის ისეთი მონაცემების მიწოდებაზე, რომლებიც მათ 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში დაადგინეს [ვირუსის] გავრცელების ადრეული ეტაპიდან". - წერს WSJ. 

CNN-ისა და The Wall Street Journal-ის ცნობებით, რომლებიც აშშ-ს დაზვერვის ანგარიშს ეყრდნობა, 2019 წლის ნოემბერში, COVID-19-ის გავრცელებამდე, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის 3 მკვლევარი მძიმედ დაავადდა და მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო

30 მარტს COVID-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებული ჯანმოს მიერ შედგენილი კვლევა გამოქვეყნდა, მაგრამ ნაშრომმა სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებისგან კრიტიკული შეფასებები მიიღო, რადგან ის ბევრად უფრო კონკრეტული უნდა ყოფილიყო. კვლევა გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკეს. 

14 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში გამოთქმული იყო წუხილი მეცნიერთა ჯგუფისთვის ორიგინალურ ინფორმაციასთან და საკვლევ ობიექტებთან შეზღუდული წვდომის გამო. ამ 14 ქვეყანაში შედიოდა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ლიტვა, ლატვია, ნორვეგია და სლოვენია. ქვეყნები დამოუკიდებელი და გამჭვირვალე კვლევის ჩატარებას ითხოვდნენ.

იგივე წუხილი გამოთქვა ევროკავშირმაც. 

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ საკვლევ მასალასთან ჩინეთის მხრიდან შეზღუდული წვდომა ჰქონდათ. უხანში გაგზავნილ მკვლევართა ჯგუფს საკვლევ სისხლის ნიმუშებსა და სხვა მასალას ჩინეთის მთავრობა შერჩევითი პრინციპით აწვდიდა.

შეგახსენებთ, რომ არსებული ცნობებით, ახალი კორონავირუსი ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში უკვე გავრცელებული იყო, თუმცა ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა, ახშობდა, ექიმებს აჩუმებდა და ა.შ.

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, გასული წლის მაისში თქვა, რომ მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთში ვუხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.

კომენტარები