ტურიზმი

თურნავა: მარიამ ქვრივიშვილი შეიმუშავებს ტურიზმის ახალ პოლიტიკას

საქართველოს მთავრობა

"მარიამ ქვრივიშვილი თავისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, კრეატიულობითა და მონდომებით იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი საყრდენი ტურიზმის მიმართულებით". – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მარიამ ქვრივიშვილის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა.

"ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ ჩვენს გუნდს, სამინისტროს გუნდს, რომელიც მუშაობს ტურიზმის პოლიტიკაზე. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მარიამ ქვრივიშვილის ჩემს მოადგილედ დანიშვნის შესახებ“. – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

ნათია თურნავას თქმითვე, "მარიამ ქვრივიშვილი შეიმუშავებს ტურიზმის ახალ პოლიტიკას, რომელიც პანდემიის გამო განახლებას საჭიროებს". ასევე საქმიანობას წარმართავს ახალ პროექტებსა და ქვეყანაში ტურიზმის აღდგენაზე.

"ჩვენ ვაგრძელებთ იმ გუნდის გაძლიერებას, რომელიც ტურიზმის საკითხებზე მუშაობს და მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეებს მოგახსენებთ." – განაცხადა მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მარიამ ქვრივიშვილი 24 მაისს დაინიშნა. სამინისტროს ცნობით, იგი ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე მარიამ ქვრივიშვილი იყო საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.

მანამდე, 2019-2020 წლებში, მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ის მიიჩნევდა, რომ ლოკდაუნი ბიზნესის გაძლიერებას ემსახურებოდა.

კომენტარები