რამან პრატასევიჩის დაკავება

მინსკში რამან პრატასევიჩთან ერთად მისი მეგობარი გოგონა, სოფია საპეგაც დააკავეს

სოფია საპეგა
ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი

ბელარუს ჟურნალისტთან და ოპოზიციონერ აქტივისტთან რომან პრატასევიჩთან ერთად მინსკში მისი მეგობარი გოგონა, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა დააკავეს. ინფორმაცია BBC-ს რუსულმა სამსახურმა ევროპულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა. სოფია საპეგა ვილნიუსში ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის და ევროკავშირის სამართლის სამაგისტრო პრაგრამაზე სწავლობს.

"ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ყველა ძალისხმევას მიმართავს, რათა სოფია საპეგა უმოკლეს დროში გათავისუფლდეს" – უთხრა BBC-ს უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაქსიმ მილტამ.

უნივერსიტეტის საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სოფია საპეგა მეგობარ ბიჭთან ერთად შვებულებიდან ბრუნდებოდა.

"უნივერსიტეტი დაჟინებით მოითხოვს, სოფიას დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ საკონსულო დახმარება. გარდა ამისა ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს, დონორებსა და უფლებადამცველთა საზოგადოებას იმისთვის, რომ სტუდენტი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. უნივერსიტეტს აქვს კავშირი სოფიას ოჯახთან.

ევროპული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი კატეგორიულად გმობს ბელარუსის ხელისუფლების დაუსჯელობას და მოითხოვს ბელარუსის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ასევე ბელარუსის კონსტიტუციაში გაწერილ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას. სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონოდ დაკავებულ და უპრეცედენტო პოლიტიკური დევნის ქვეშ მყოფ ბელარუსის ყველა მოქალაქეს. ჩვენ ვაპროტესტებთ ევროპული უნივერსიტეტის საზოგადოების წევრის, სოფია საპეგას უსამართლო დაკავებას." – ნათქვამია განცხადებაში.


23 მაისს პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. 

CNN-ის ინფორმაციით, გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აეროპორტში დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რამან პრატასევიჩი დააკავეს.

რომან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეფან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პროტასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევჩს და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაშია შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები