Nord Stream 2

აშშ NORD STREAM 2-ის მშენებლობაში ჩართულ 13 გემს სანქციებს უწესებს

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა 13 გემი, რომელიც ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის მშენებლობასთანაა დაკავშირებული.

სანქციები შეეხო გემებს: აკადემიკ ჩერსკის, არტემის ოფშორს, ბახტემირს, ბალტიელ მკვლევარს, ფინვალს, კაპიტან ბეკლემიშევს, მურმანს, ნარვალს, სივუჩს, მაშველ კარევს, უმკას, ვლადისლავ სტრიჟოვს და იური ტოპჩევს.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა ოთხი ორგანიზაცია – მორტრანსსერვისი, საზღვაო სამაშველო სამსახური, სამარის თბოენერგო ფონდი და კოკსოქიმტრანსი. ეს უკანასკნელი 2016 წლიდან უკვე იყო სანქცირებული ყირიმში სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის. 

ამასთანავე, აშშ-ს არ დაუწესებია სანქციები ჩრდილოეთის ნაკადის ოპერატორი კომპანიისთვის, Nord Stream AG 2-ისთვის და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის მათიას ვარნიგისთვის. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მათიას ვარნიგი, რომელიც პუტინის მოკავშირედ ითვლება და აღმოსავლეთ გერმანიის სადაზვერვო სამსახურის მეთაური იყო, საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე სანქცირებულთა სიაში უნდა იყოს. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ ვარნიგს სანქციებს ეროვნული ინტერესების გამო არ დაუწესებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა აშშ-ს ამ ნაბიჯს კონსტრუქციული უწოდა და თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან დამყარებული კარგი ურთიერთობის შედეგია.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ისინი გაზსადენის გეგმის განხორციელების წინააღმდეგები არიან. 

გასულ თვეებში ბაიდენი და ბლინკენი აქტიურად აღნიშნავდნენ, რომ Nord Stream 2-ის პროექტი საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოპოლიტიკასა და უკრაინა-პოლონეთის ეკონომიკურ-სტრატეგიულ მდგომარეობას. 

"ეს პროექტი არღვევს ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის პრინციპებს, საფრთხეს უქმნის უკრაინასა და პოლონეთის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას. ბაიდენი ეწინააღმდეგება ამ პროექტს". – თქვა ენტონი ბლინკენმა 2021 წლის მარტში.

კომენტარები