მე-10 მოწვევის პარლამენტი

ინსპექტორი: წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის თქმა სახიფათოა, პასუხისმგებლობა არ დაეკისრა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2021 წლის 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინდელი კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარისა და მოქმედი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადება სახიფათო პრეცედენტად შეაფასა, თუმცა წულუკიანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა. ინსპექტორის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში.

ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია ჟურნალისტებზე ელისო კილაძესა და ნანუკა ჟორჟოლიანზე, რომლებმაც წულუკიანის მიერ გვარამიას ნომრის გამოცხადების შემდეგ თეა წულუკიანის ნომერიც საჯაროდ, Facebook-ზე გაავრცელეს. 

სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით, შემოწმების ფარგლებში კილაძეს, ჟორჟოლიანსა და წულუკიანს ეთხოვათ ინფორმაცია, როდის, რა გზით და რა მიზნით მოიპოვეს მათ მიერ გასაჯაროებული ტელეფონის ნომრები. ჟორჟოლიანმა და კილაძემ მოთხოვნილი ინფორმაცია სამსახურს წარუდგინეს, თუმცა თეა წულუკიანმა სახელმწიფო ინსპექტორს ეს ინფორმაცია არ მიაწოდა. 

ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში.

"იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი. პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების მიზანი არის ის, რომ მათ მიეცეთ მნიშვნელოვან დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათზე დაკვირვებების, შეზღუდვების ან მოსაზრებების რედაქტირების, ასევე, სასამართლოს ან სხვა ამგვარი ორგანოს წინაშე წარდგენის საშიშროების გარეშე. იმუნიტეტი, პარლამენტარისთვის "გარე პირის" (ხელისუფლების სხვა შტოს) მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისგან დაცვის გარანტიაა და პარლამენტარს მის მიერ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო პოტენციურად გაუთავებელი სამართლებრივი დავებისაგან იცავს. ამგვარ დავებს, შეუძლიათ შეზღუდონ პარლამენტარების მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება იმდენად, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სადეპუტატო მანდატის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა". – ნათქვამია განცხადებაში. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ ელისო კილაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ თეა წულუკიანის ნომერი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში იყო მოპოვებული. მათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ.


2 თებერვალს თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა

ევროპარლამენტის მთავარმა წევრებმა, რომლებიც საქართველოს თემებზე მუშაობენ, სვენ მიქსერმა, ანდრიუს კუბილიუსმა, მარკეტა გრეგოროვამ, მაიკლ გაჰლერმა, პეტრას აუშტევიჩიუსმა და ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პარამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძისადმი მიწერილ წერილში შეშფოთება გამოხატეს პლენარული სხდომის დროს კონფიდენციალურობის დარღვევისა  და, ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელისადმი არასასიამოვნო დამოკიდებულების გამოხატვის უყურადღებოდ დატოვების გამო.

ნიკა გვარამიას მობილურის ნომრის საჯაროდ გამოცხადებაზე ისინი წერენ, რომ ეს უსიამოვნო და არაეთიკური ფაქტია. ისინი თალაკვაძეს სწერენ, რომ სამწუხაროა და ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას მისი "კოლეგების მხრიდან მოჰყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა".

წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას ნომრის საჯაროდ გამოცხადებას, კარლ ჰარცელი თავდაპირველად ასე გამოეხმაურა: "არასასიამოვნო იყო გუშინ ამის ნახვა. ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრების დაცვის უფლება ფუნდამენტური საკითხია და ეს არაეთიკურად მიმაჩნია". 

თეა წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას პირადი ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის აზრი მისი პირადი პოზიციაა და არა ევროკავშირის.

კომენტარები