კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე ვაქცინაციაზე: ll დოზის გაცდენის შემთხვევაში, აღდგენისთვის განცხადების დაწერაა საჭირო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, მათ, ვინც გარკვეული მიზეზით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად მისვლა ვერ შეძლო, ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების დაწერა და აღდგენა შეუძლიათ.  

"თუ ავად არ გახდა და რაღაც მიზეზით გააცდინა მეორე დოზა, ამის აღდგენა პრობლემა არ არის, ყოველთვის შეიძლება. ამისთვის საჭიროა შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ადამიანმა რაღაც მიზეზებით მეორე დოზა ვერ მიიღო და არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ შესაბამისი ვაქცინით  მეორე დოზით ვაქცინაცია მოხდეს". - ამბობს იმნაძე. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანს აცრის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდება, იმნაძის თქმით, ვაქცინის მეორე დოზით ინფიცირებიდან 120 დღის შემდეგ უნდა აიცრას. 

პაატა იმნაძის ინფორმაციით, Pfizer-ის პირველი დოზით 13 991 ადამიანი აიცრა, მეორე დოზით კი - 13 539. მისივე სიტყვებით, საქართველოში 300-ზე მეტი ადამიანია, ვინც პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდა. 

"ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. პირველ დოზას, მოგეხსენებათ, არ აქვს ისეთი დაცვა, რომ არ დაინფიცირდეს ადამიანი. ზოგიერთი მე-2, მე-3 დღეს დაინფიცირდა, ისინი უკვე ინკუბაციურ პერიოდში იყვნენ, როდესაც აიცრნენ, მათშიც კი ძალიან იოლად წავიდა დაავადება აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაციაც კი არ დასჭირვებია". - ამბობს იმნაძე. 


21 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ აცრილია 105 500 ადამიანი, მათგან ორივე დოზა გაკეთებული აქვს 16 147 პირს. ბოლო 24 საათში 3 613 მოქალაქე აიცრა. 

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება 55 წლის ნაცვლად, 45 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის – სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

რაც შეეხება სინოვაკის [SINOVAC] ვაქცინას, საქართველოში 100 000 დოზა საქართველოში 29 აპრილს ჩამოვიდა. ამ ვაქცინაც WHO-სგან ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია. WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოვაკის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა, რაც ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მე-3 ფაზით დადგინდა. ამასთან ერთად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სინოვაკის ეფექტიანობა 100%-მდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ სინოვაკი კორონავირუსით დაავადებულს იცავს გართულებებისგან. ცნობისთვის, 50%-ზე მეტი ეფექტიანობა საკმარისია იმისათვის, რომ ვაქცინამ რეკომენდაცია მიიღოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან.

კომენტარები