დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი ისვრის ღაზის სექტორის მიმართულებით
The Times of Israel

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ისრაელის მედია The Times of Israel ავრცელებს.

ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ძალაში, ადგილობრივი დროით, ღამის 2 საათზე შევა.

BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა ჰამასიც. 

10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ათეულობით ბავშვი. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები