უნგრეთი გმობს ევროკავშირის მიერ ისრაელის მიმართ გაკეთებულ ცალმხრივ განცხადებებს. უნგრეთმა მხარი არ დაუჭირა ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას ისრაელი-ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლოდ უნგრეთმა თქვა უარი შეერთებოდა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების განცხადებას.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა 18 მაისს განიხილეს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენები. ორგანიზაციის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაგმო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ზრდა.
"პრიორიტეტულია ძალადობის დაუყოვნებელი შეწყვეტა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღება. ძალადობის ზრდამ დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, სიკვდილი და დაშავებები მოიტანა. მათ შორის არის ბევრი ბავშვი და ქალი, რაც მიუღებელია". – თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.
ამ სიტყვებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ.
"მე ერთი პრობლემა მაქვს ევროკავშირის განცხადებებთან ისრაელთან დაკავშირებით... ისინი ხშირად ძალიან ცალმხრივია და დიდად არაფერში გვადგება, მითუმეტეს ამჟამინდელ გარემოებებში, როდესაც დაძაბულობა მაღალია". – თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.
უნგრეთი, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ისრაელის უახლოესი პარტნიორია.
ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა.
10 მაისიდან ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო. ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად ღაზის სექტორში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც. ისრაელში დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.
13 მაისს ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან სამი რაკეტა ისროლეს. თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შეიძლება ლიბანში მოქმედ დაჯგუფება ჰეზბოლას ჩაედინა. თუმცა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, რაკეტები პალესტინელი დევნილების დასახლებიდან გაისროლეს.
14 მაისს ისრაელის მიმართულებით სირიიდან სამი რაკეტა ისროლეს. რაკეტები მას შემდეგ გაუშვეს, რაც ლიბანის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად ლიბანელი მოკლულების შესახებ. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, დანარჩენი ორი კი გოლანის მაღლობების ღია სივრცეში.
ზოგ ქალაქში შეტაკებები მიმდინარეობს ისრაელის სამართალდამცველებსა და ეთნიკურ პალესტინელებს შორის. დიდი შეტაკებები იყო ქალაქ რამლასა და ლოდში, მრავალი ეთნიკურად პალესტინელი ცხოვრობს. დაწვეს სინაგოგები და თავს ესხმოდნენ ეთნიკურად ებრაელებს. მსგავსი შეტაკებები მიმდინარეობს იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რეგიონშიც.
დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.
17 მაისს ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.





