რუსთავი 2

დვალი-აქიმიძის ადვოკატი: რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო

რუსთავი 2-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ტელევიზიის უძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ინფორმაციას FACEBOOK-ზე ადვოკატი კახა კოჟორიძე ავრცელებს. 

"სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო რუსთავი 2-ის უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთებსა და მათზე არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას. აქამდე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, დაყადაღებული იყო რ2-ის 60% წილი. ახლა, ასევე დაყადაღდა რ2-ის უძრავი ქონება სრულად.

ჩვენ ასევე ვითხოვდით რ2-ის მოძრავი ნივთების დაყადაღებას და ქიბერ ხალვაშისთვის გარკვეული უფლებამოსილებების შეზღუდვას. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ითხოვდნენ ზუსტად იმ ღონისძიებებს, რაც სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მიერ 2015 წელს შეტანილ სარჩელზე გამოიყენა. მიუხედავად ამისა, რ2-ის დამფუძნებელთა მიმართ სასამართლომ კვლავ შერჩევითად იმოქმედა და ამ ნაწილში მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით.

გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომ რუსთავი 2 დაუბრუნდეს მის დამფუძნებლებს". – წერს კოჭორიძე

ტელეკომპანია და Prime Time მედიაჰოლდინგად ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ ტელეკომპანიის ქონებიდან რ2 საკუთრებაში მხოლოდ აქციების 10% დარჩა. 

ბოლო სასამართლო პროცესი 14 მაისს გაიმართა. ტელეკომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის აქციების დიდი ნაწილის  Prime Time-სთვის გადაცემით, ქიბარ ხალვაში ქონებას მიზანმიმართულად მალავს. 

რუსთავი 2 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი ორიდან წასულმა თანამშრომლებმა ტელეკომპანია მთავარი არხი დააფუძნეს.

 

კომენტარები