რუსთავი 2

რუსთავი 2 და Prime Time მედიაჰოლდინგად ყალიბდება

ტელეკომპანია რუსთავი 2 და Prime Time მედიაჰოლდინგად ყალიბდება. ინფორმაცია ტაბულას რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დაუდასტურა. 

სალიას ინფორმაციით, ჰოლდინგის შექმნა რუსთავი 2-ში ცოტახნის წინ გამოცხადებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირდება. 

"დაწყებული რეორგანიზაცია ემსახურებოდა იმას, რომ არხის სასიკეთო ცვლილებები დაგვეწყო და სწორედ ეს ცვლილებები დავიწყეთ. რუსთავი 2-მა დაიბრუნა ვაშინგტონის ბიურო, დავით ნიკურაძის სახით. ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ჩვენთან დაბრუნებაზე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ვინაობების დასახელებისგან. ჩვენ ვმუშაობთ, რომ უკვე შემოდგომაზე ძალიან დახუნძლული სატელევიზიო ბადე გვქონდეს. 

პრაიმ ტაიმი მაუწყებლობას გააგრძელებს პრაიმ ტაიმის სახელით, რუსთავი 2 - თავისი სახელით. გაკეთდა ჰოლდინგი, სადაც ორივე ორგანიზაცია თავის სავაჭრო ნიშანს ინარჩუნებს, მოქმედებს ცალ-ცალკე, თუმცა გაერთიანებულია გარკვეული პროცესების მართვა, რაც უფრო მეტად ეფექტური იქნება". – ამბობს სალია ტაბულასთან საუბრისას. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ში რეორგანიზაცია 5 მარტს გამოცხადდა. 

რუსთავი ორი 2019 წლის 18 ივლისს ქიბარ ხალვაშს გადაეცა, იმავე დღეს, ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. რუსთავი ორიდან წასულმა თანამშრომლებმა ტელეკომპანია მთავარი არხი დააფუძნეს.

კომენტარები