დაპირისპირება დმანისში

ბოკერია დმანისზე: მოვუწოდებ შსს-ს და პოლიციას, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ბოკერია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას მოუწოდებს, გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან, რადგან მათი ფუნქცია ძალადობის სწრაფი აღკვეთაა. 

"ის მოვლენები, რასაც მთელი საქართველო უყურებს დმანისში, ბუნებრივია, დიდ შეშფოთებას იწვევს და უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს არამარტო ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოს ამ რეგიონში ცხოვრობს, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, სამოქალაქო თანხმობისთვის.

პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ხელმძღვანელობას, რომ გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან. მათი ფუნქცია არის ძალადობის სწრაფად აღკვეთა, ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ რეაგირებდნენ, როდესაც ეს ეხებოდა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ინტერესებს, როცა აქციაზე შეშის შეტანის გამო იღებდნენ უმკაცრეს ზომებს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

ბოკერია სიმშვიდისკენ და ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს ადგილობრივ მოქალაქეებსაც.

"ბუნებრივია, კონფლიქტი ყველგან შეიძლება მოხდეს და ზოგჯერ მასში სხვადასხვა თემის წარმომადგენელნი შეიძლება იყვნენ ჩართული, მაგრამ ის, როგორც განვითარდა მოვლენები, რა განწყობაც ტრიალებს, არის უაღრესად შემაშფოთებელი ამბავი და მინდა, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდო სიმშვიდისკენ, მშვიდობისკენ, ნებისმიერი სახის ძალადობისგან თავის შეკავებისკენ". – თქვა ბოკერიამ. 

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

კომენტარები