დაპირისპირება დმანისში

SJC (EMC) დმანისზე: შსს-მ უნდა უზრუნველყოს დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება

დმანისი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება დმანისში მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს მოუწოდებს, მიიღოს მყისიერი და ეფექტიანი ზომები ადგილზე უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად, რისთვისაც საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადგილზე პოლიციის დამატებით ძალების მობილიზაცია და მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად.

"გუშინ საღამოს გავრცელდა ინფორმაცია დმანისში ძალადობისა და კონფლიქტის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო და ის სვან ეკომიგრანტებსა და საქართველოს აზერბაიჯანელი თემების წარმომადგენლებს შორის მასშტაბურ დაპირისპირებაში და ძალადობაში გადაიზარდა. აღნიშნულ ძალადობას დღეს დმანისში ორივე თემის მასობრივი საჯარო გამოსვლები მოჰყვა, რასაც ძალადობრივი შეხლა-შემოხლის ფაქტები ახლავს თავს.

დმანისში იმყოფებიან სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანამშრომლები, თუმცა მათთვის უსაფრთხოების რისკების გამო რთულია ადგილზე მუშაობა. უსაფრთხოების არარსებობის გამო მუშაობაში ხელი ეშლებათ მედიის წარმომადგენლებსაც. ჩვენი წარმომადგენლების განცხადებით, ადგილზე მობილიზებული საპოლიციო ძალები არასაკმარისია და ქუჩებში რეალურად უკონტროლო ვითარებაა.

ამ ეტაპზე არსებითია ადგილზე მშვიდობიანი გარემოსა და მართლწესრიგის მყისიერი უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ ამ მასშტაბის დაპირისპირების სისტემური მიზეზების კვლევა და მათზე მიმართული პოლიტიკის დაგეგმვა და გატარება". – წერს SJC.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობას და პრემიერმინისტრს:

  • უზრუნველყოს ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება და წესრიგის ეფექტიანი და რეალური დამყარება;
  • უზრუნველყოს ადგილზე მაღალი თანამდებობის პირების ჩართვა სიტუაციის განსამუხტად;
  • შეისწავლოს მომხდარი კონფლიქტის სისტემური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები და შეიმუშაოს გრძელვადიანი და ფართო ხედვა სხვადასხვა ეთნიკურ, რელიგიური ჯგუფებს შორის არსებითად მშვიდობიანი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნისა და კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში მისი ტრანსფორმაციის მიზნით.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

16 მაისს დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

კომენტარები