დაპირისპირება დმანისში

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი: სპეკულაციებს აქვს ადგილი და ამას არ უნდა აჰყვნენ ადამიანები

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი კურიერის ეთერში დმანისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საჭიროა შეხვედრა და მდგომარეობის დალაგება.

"მოლოდინი მაქვს, რომ ეს სიტუაცია დალაგდება. უდანაშაულო ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურად არ უნდა უსწორდებოდნენ , სპეკულაციებს აქვს ადგილი და ამას არ უნდა აყვნენ ადამიანები. ვმუშაობთ, რომ საკითხი დალაგდეს და პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, ვინც დამნაშავეები არიან. ამ ეტაპზე დაზარალებული არავინ არის. მე ახლა ეპიცენტრში ვარ და ვცდილობ სიტუაციის განმუხტვას, ახალგაზრდები უნდა დასხდნენ უფროსებთან, დავსხდეთ ერთად და ვისაუბროთ. ვეცდები ამ ადამიანებს დაველაპარაკო და ეს ურთიერთობები დალაგდეს.  მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის დარეგულირებას, ვისაც საუბარი და მოსმენა შეუძლია, ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტონ". – ამბობს გიორგი ტატუაშვილი.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

16 მაისს დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

კომენტარები