დაპირისპირება დმანისში

ჯაფარიძე მთავრობას: რას ელოდებით? ღლით? დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია დმანისში

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დმანისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჯაფარიძე მთავრობას მოუწოდებს, ადგილზე დროულად გაუშვას სამართალდამცველთა დანაყოფები. 

"საქართველოს მთავრობა, რას ელოდებით? ღლით?

დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია და მკაცრად დასაჯეთ ყველა ვინც გუშინდელი ხორცსაკეპი მოაწყო, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, თორემ მალე გვიან იქნება და პასუხისმგებლობა სრულად თქვენზეა.

პ.ს. "ეგრე უნდათ მაგ თათრებს" ვინც წერთ, ყველანი ან იდიოტები ხართ ან კრემლის ხელფასზე, გამონაკლისის გარეშე". – წერს ჯაფარიძე. 

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

კომენტარები