LGBTQ თემი

ომბუდსმენი: საგანგაშოა, რომ LGBT+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ საფრთხის ქვეშაა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს  ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ლომჯარიას თქმით, საგანგაშოა, რომ ლგბტ+ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ
საფრთხის ქვეშ დგას, რასაც ბოლო დროინდელი თავდასხმებიც ცხადყოფს.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო
დღეა. ამ დღეს LGBT+ ადამიანები, თემის აქტივისტები და მხარდამჭერები
საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას
და მათ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში  LGBT+ თემის ხილვადობის
გაზრდასთან ერთად, იმატებს თემის წარმომადგენელთა მიმართ
უფლებადარღვევის ფაქტები, რასაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან
არაეფექტიანი რეაგირება ახლავს თან. LGBT+ ადამიანების უფლებრივ
მდგომარეობასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის და ხედვის
არარსებობა ახალისებს მათ მიმართ ჩადენილ უფლებადარღვევებს, მათ შორის,
დისკრიმინაციულ დანაშაულებს.

საგანგაშოა, რომ LGBT+  ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა კვლავ
საფრთხის ქვეშ დგას, რასაც ბოლო დროინდელი თავდასხმებიც ცხადყოფს. ლამის
ყოველდღიურ ხასიათს იძენს ლგბტ+ ადამიანების უფლებებზე მომუშავე პირთა
მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ოფისების დაზიანება და სხვა
სამართალდარღვევები.

კვლავ პრობლემურია LGBT+ დამიანების ფიზიკური ხელშეუხებლობის,
გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ,
პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. აქტივისტები, წლებია, 17 მაისს
უსაფრთხოდ შეკრებისთვის საჯარო სივრცეების მოსაპოვებლად იბრძვიან.
ვინაიდან სახელმწიფო ულტრა მემარჯვენე ჯგუფებისგან მათ სათანადო დაცვას
ვერ უზრუნველყოფს, აქტივისტებს ყოველ ჯერზე უწევთ შეკრების ადგილის,
დროის და ფორმატის ცვლილება, რაც პროტესტს ძირითად არსს აცლის და რისკის
ქვეშ აყენებს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას.

სახელმწიფოს სამართლებრივმა და პოლიტიკურმა უმოქმედობამ, ახალი
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დაამძიმა თემის (ისედაც
მძიმე) სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა. ჯანდაცვასა და დასაქმებაზე
ხელმისაწვდომობა, სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა თუ სხვა საჭიროებები საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩა. შედეგად, თემის ნაწილი უსახლკარობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ნაწილს კი ჰომოფობიურად განწყობილ ოჯახებში მოუწია დაბრუნება, რამაც ისინი ოჯახში ძალადობის საფრთხის წინაშე დააყენა.

განსაკუთრებით რთულია ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.
სოციალურ ცხოვრებაში არსებით სიძნელეებს ქმნის კანონმდებლობის ჩანაწერი,
რომელიც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის
შეცვლისთვის ტრანსგენდერი ადამიანებისგან სქესის შეცვლის ქირურგიული
ოპერაციის გაკეთებას მოითხოვს. დასაქმებასა და განათლებაზე
ხელმისაწვდომობის ბარიერები განსაკუთრებით მძიმედ სწორედ ტრანსგენდერი
ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს
და თანამდებობის პირებს, ეფექტიანი პრევენციული და რეაქტიული რეაგირება
მოახდინონ LGBT+ ადამიანების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებსა თუ
სამართალდარღვევებზე; დაგეგმონ ღონისძიებები საზოგადოებაში თანასწორობის
შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით; გააკეთონ დაუცველი ჯგუფების, მათ
შორის, LGBT+ თემის მხარდამჭერი საჯარო განცხადებები.

დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია "Welcome to the closet" გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. Tbilisi Pride-ის ცნობით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს.  

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ტაბულასთან საუბრისას იხსენებს, აქტივისტებმა ინსტალაცია დედაენის ბაღში დილიდან დადგეს და გურამ ფალავანდიშვილის მოსვლამდე არავითარი გართულება არ შექმნილა.  მისივე თქმით, პოლიცია ადგილზე მოგვიანებით მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ იყვნენ პერფორმანსის შესახებ გაფრთხილებულები. 

კომენტარები