LGBTQ თემი

ევროპული საქართველო: ვგმობთ LGBTQ აქტივისტებზე თავდასხმას, სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ

ტაბულა

ევროპული საქართველო დედაენის ბაღში LGBTQ აქტივისტებზე პრორუსული, ნეოფაშისტური დაჯგუფების ლიდერის, გურამ ფალავანდიშვილის თავდასხმას გმობს და ამგვარი ქმედებების ორგანიზატორებისა და შემსრულებლების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს. 

"ევროპული საქართველო გმობს დედაენის ბაღში ლგბტქ აქტივისტებზე განხორციელებულ თავდასხმასა და მათ მიერ დადგმულ ინსტალაციის განადგურების ფაქტს, პროპუტინური, ფაშისტური დაჯგუფების მიერ. ამ და სხვა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები და შემსრულებლები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ.

წლების განმავლობაში, ხელისუფლება მოძალადე ჯგუფებს შესაძლებლობას აძლევდა, რომ დაუსჯელად ემოქმედათ. დაუსჯელობასთან ერთად, მთავრობა პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებდა და ახალისებდა კიდეც ამგვარ დაჯგუფებებს. ამის გამო, ლგბტქ თემს დღემდე არ შეუძლია სრულყოფილად ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით. ამ თემის წარმომადგენლებისა და მათი უფლებების დამცველთა ფიზიკური უსაფრთხოებაც კი პრაქტიკულად არ არის დაცული". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

ევროპული საქართველოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის თავისუფლების დაცვა მთელი საზოგადოების მორალური ვალდებულებაა. ამასთან ერთად, აშკარაა, რომ ამ სიძულვილს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლური არჩევანის საწინააღმდეგოდ იყენებს პუტინის რუსეთის პროპაგანდა.

"რუსულმა ფაშიზმმა და სიძულვილით მოტივირებულმა მოძალადეთა ჯგუფებმა საქართველოში ვერ უნდა გაიმარჯვონ". – წერია განცხადებაში. 


დედაენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია "Welcome to the closet" გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია. Tbilisi Pride-ის ცნობით, ფალავანდიშვილი თავს დაესხა აქტივისტებსაც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს.  

როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ტაბულასთან საუბრისას იხსენებს, აქტივისტებმა ინსტალაცია დედაენის ბაღში დილიდან დადგეს და გურამ ფალავანდიშვილის მოსვლამდე არავითარი გართულება არ შექმნილა.  მისივე თქმით, პოლიცია ადგილზე მოგვიანებით მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ იყვნენ პერფორმანსის შესახებ გაფრთხილებულები. 

კომენტარები