ტურიზმი

მაის-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული, არაბული კომპანიები განაახლებენ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მაის-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს განაახლებენ ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები. 

ბათუმის აეროპორტში დღეს, 15 მაისს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანია Air Astana-მ, რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი – ბათუმი – ალმათის მიმართულებით. ფრენები კვირაში 3-ჯერ შესრულდება – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

"ყაზახეთი საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა. 2019 წელს ამ ქვეყნიდან 103,611 ვიზიტორს უმასპინძლა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 75.7 პროცენტი შეადგინა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სტუმრები ყაზახეთიდან უსაფრთხოდ შეძლებენ საქართველოში, მათ შორის, აჭარაში დასვენებას. საქართველოს ტურისტული სექტორი მზადაა, კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვით მოემსახუროს ვიზიტორებს". – თქვა ნათია თურნავამ

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს.

ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა – ბათუმი – ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით.


საქართველოში 2021 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 77.5%-ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და $98.3 მლნ შეადგინა. IMF-ის პროგნოზით, ტურიზმი საქართველოში 2025 წლისთვის აღდგება.

კომენტარები