დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ღაზის სექტორიდან ისრაელის ქალაქში, რამათ-განში, ორი რაკეტა ჩამოაგდეს

ღაზის სექტორიდან ისრაელის ქალაქ რამათ-განში ორი რაკეტა ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რაკეტის ჩამოგდებას ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

ჭურვები ჩამოვარდა რიშონ ლეციონში

თელ-ავივის ჩრდილოეთით, ქალაქ თაიბეში რაკეტა აფეთქდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. 

პარალელურად, თელ-ავივში და ცენტრალურ ისრაელში დღეს უკვე მეორედ ისმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სირენების ხმის ფონზე თელ-ავივის სანაპიროდან ხალხი გარბის. 

ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში რაკეტის გამშვებ პუნქტებს დაარტყეს. 

მათივე თქმით, მოკლეს ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის სამი წევრი, რომლებიც რაკეტების გაშვებაში მონაწილეობდნენ. 

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 15 მაისს ადგილობრივი დროით 01:00 საათიდან 11:00 საათამდე ღაზის სექტორში 20 რაკეტის გამშვებ პუნქტს დაარტყეს, საიდანაც მიზანში იღებდნენ ცენტრალურ და სამხრეთ ისრაელს.

15 მაისის მონაცემებით, 10 მაისიდან ამ დრომდე ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 300 რაკეტა ისროლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, აქედან 380-მა საზღვარიც ვერ გადაკვეთა, დაახლოებით 1 000 რაკეტა, რომელიც დასახლებული ადგილებისკენ ისროლეს, ისრაელის "რკინის გუმბათის" სისტემამ გაანეიტრალა.

14 მაისს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ  ბრძოლა არ დასრულებულა.

The Times of Israel დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ანონიმურად წერს, რომ ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს შორის შეთანხმება, შესაძლოა, რამდენიმე დღეში შედგეს.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები