დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელმა ღაზაზე მხოლოდ რამდენიმე წუთში 150-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელის საპასუხო იერიში ღაზის სექტორზე, 2021 წელი, 10 მაისი
The Times of Israel

დაჯგუფება ჰამასის თქმით, ბოლო რამდენიმე წუთში ისრაელმა ღაზის სექტორში 150-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები ღაზას უტევენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს

როგორც გაირკვა, ისრაელის თავდაცვის ძალების Twitter-ზე გამოქვეყნებულმა სიტყვებმა უცხოური მედიები შეცდომაში შეიყვანა. ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრა არ დაწყებულა. ისრაელის თავდაცვის ძალები გულისხმობდნენ, რომ სახმელეთო დანაყოფები ოპერაციებში სასაზღვრო ხაზიდან არიან ჩართული.

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორიდან 4 კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ისრაელის მოქალაქეებს თავშესაფარ ბუნკერებში შესვლას უბრძანებს.

დიდი სამხედრო ოპერაციების დაწყებასთან ერთად, აშშ-მ ისრაელიდან პენტაგონის 120 თანამშრომლის ევაკუაცია დაიწყო.

დღეს, 13 მაისს, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს ღაზაში შესაძლო სახმელეთო შეჭრის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგინეს. ამ გეგმაზე ისრაელის ღაზის დივიზია და სამხრეთის სამხედრო ოლქი მუშაობენ. 


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები