დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის თავდაცვის ძალები: საჰაერო და სახმელეთო ძალები ღაზას უტევენ

ისრაელის ჯარისკაცები ისვრიან ღაზას სექტორის მიმართულებით, ქალაქი სდეროთის მიდამოები, 2021 წლის 13 მაისი
The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები ღაზას უტევენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს

ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაუზიარებია. 

 როგორც გაირკვა, ისრაელის თავდაცვის ძალების Twitter-ზე გამოქვეყნებულმა სიტყვებმა უცხოური მედიები შეცდომაში შეიყვანა. ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრა არ დაწყებულა. ისრაელის თავდაცვის ძალები გულისხმობდნენ, რომ სახმელეთო დანაყოფები ოპერაციებში სასაზღვრო ხაზიდან არიან ჩართული.

დღეს, 13 მაისს, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს ღაზაში შესაძლო სახმელეთო შეჭრის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგინეს. ამ გეგმაზე ისრაელის ღაზის დივიზია და სამხრეთის სამხედრო ოლქი მუშაობენ. 

გასულ დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა დამატებითი სახმელეთო ძალები ღაზის სექტორის საზღვართან გაგზავნეს, მათ შორის პარაშუტისტთა დანაყოფი, გოლანის ქვეითთა დანაყოფი და მე-7 სატანკო დანაყოფი. ჯერჯერობით ღაზის სექტორში შეჭრა არ გადაწყვეტილა. 

11 მაისს ისრაელის თავდაცვის ძალებმა თქვეს, რომ ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.


ინტენსიური სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა დაჯგუფება ჰამასის პირველი ულტიმატუმი არ შეასრულა და ალ-აკსას მეჩეთის ტერიტორიიდან, სადაც ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მიდის, უსაფრთხოების ძალები არ გაიყვანა. 

ბოლო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. რაკეტების უმეტესობა ჰაერში ისრაელის საზენიტო სისტემა "რკინის გუმბათმა" უვნებელყო.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც მოვლენებს ერთი არაბი ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა. დემონსტრანტები ლოდში ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესროდნენ. მოკლული არაბი, როგორც პოლიციამ გაარკვია ერთ-ერთ 34 წლის ებრაელს ემსხვერპლა. მკვლელი დაკავებულია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები