დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

BLOOMBERG: ევროკავშირის ცნობით, რუსეთი უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების შეერთებას გეგმავს

AFP/Getty Images

ევროკავშირის ცნობით, რუსეთი აპირებს, თანდათანობით უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი შეიერთოს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ევროკავშირმა შესაბამისი დოკუმენტი წევრ სახელმწიფოებს წარუდგინა.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კრემლის გადაწყვეტილება ჩაატაროს უკანონო არჩევნებში და დაარიგოს რუსული პასპორტები, "მიმართულია უკრაინის მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი რეგიონების რუსეთში დე-ფაქტო ინტეგრირებისკენ". საგარეო კავშირების ევროპული სამსახური უახლოეს მომავალში საკითხთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს.

ევროკავშირის დოკუმენტში წარმოდგენილია ნაბიჯები, რომლებიც გაერთიანებას შეუძლია გადადგას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მედეგობის გაძლიერებისთვის, მათ შორის:

  • მხარდაჭერის გაძლიერებას "ჰიბრიდულ საფრთხეებთან, მათ შორის კიბერშეტევებსა და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში";
  • უკრაინის დახმარება კორონავირუსის ვაქცინაციის პროგრამაში, "განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რათა თავიდან იყოს არიდებული ქვეყნის შემდგომი დასუსტება ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით";
  • ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა,  რათა შემცირდეს უკრაინის დამოკიდებულება რუსეთზე;
  • მუშაობა იმისათვის, რომ არ იყოს აღიარებული რუსული პასპორტები, რომლებსაც აძლევენ ყირიმსა და დონბასში მცხოვრებლებს;
  • ევროკავშირის უშიშროების პროექტებში უკრაინის მონაწილეობის საკითხის განხილვა.

როგორც Bloomberg-ი წერს, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების საკითხი განხილული იქნება, თუ უკრაინის სუვერენიტეტთან, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული მდგომარეობა შემდგომშიც გაუარესდება.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირში წევრი სახელმწიფოების ელჩებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ სამშაბათს განხილული დოკუმენტის შესახებ. დიპლომატთა ნაწილი მხარს უჭერს დოკუმენტის მიერ შემოთავაზებული მოქმედებების განხორციელებას, მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ უკრაინას სათანადოდ არ ჩაუტარებია ქვეყნის შიგნით ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ანტიკორუფციული რეფორმა და უკრაინისთვის გაერთიანების უშიშროების პროგრამებში მონაწილეობის უფლების მიცემამდე დამატებითი საუბრებია საჭირო.

რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების შეერთებას გეგმავს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს 2015 წლის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ამჟამად შეჩერებულია და რომლის თანახმადაც უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიები ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვან ავტონომიას მიიღებენ. ამ რეგიონებისთვის ავტონომიების მინიჭება პოტენციურად მათ ვეტოს უფლებას მისცემს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში, რასაც უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს, მაგრამ პუტინის რეჟიმი ეწინააღმდეგება.

უკრაინის აღმოსავლეთში ომი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს დაიწყო. ძირითადი შეტაკებები და აქტიური ბრძოლა უკრაინის არმიისა და კრემლის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მომდევნო წელს დასრულდა და შემდგომ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, რომელთა მიუხედავად მცირე შეტაკებები სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას შორის სისტემატურად ხდება ე.წ გამყოფ ხაზთან.

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგია. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სისტემატური დარღვევის ფონზე აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა ფოტო- და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიებისკენ ან ქვეყნის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის ეშელონები და  ჯავშანტექნიკის კოლონები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ, ბრიანსკის, ვორონეჟის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში დამატებით ბატალიონებს, ტაქტიკურ ჯგუფებს გზავნიდა. 

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვს თქმით, "რუსეთი თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს სამხედრო ძალების გადაადგილებას თავისი ტერიტორიის ფარგლებში, ეს არავის უნდა აწუხებდეს და არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს". პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსულ სამხედრო ძალებს "არასოდეს არ მიუღიათ და არ იღებენ მონაწილეობას" დონბასის კონფლიქტში.

დაძაბულობის ფონზე აქტიური კომუნიკაცია გაიმართა უკრაინულ მხარეს და ნატო-სა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის. 2აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც.

დაძაბულობა აპრილის შუა რიცხვებშიც გაგრძელდა. 14 აპრილს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა და შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ შავიზღვისპირეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყო. 21 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც შესაძლებელს ხდის, რეზერვისტები სამხედრო სამსახურში მობილიზაციის გამოცხადების გარეშე გამოიწვიონ. ამავე დღეს, ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა. მომდევნო დღეს პუტინმაც შესთავაზა ზელენსკის შეხვედრა.

22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1 მაისამდე თავიანთ მუდმივ ბაზებზე დაბრუნებულიყვნენ. 23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. 26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ადმინისტრაციას ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის განხილვისთვის კრემლთან დაკავშირება დაავალა.

6 მაისს აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, რუსეთმა მხოლოდ რამდენიმე ათასი სამხედრო გაიყვანა და მნიშვნელოვანი ძალა კვლავ ადგილზე რჩება. პენტაგონის წარმომადგენლების თქმით, 80 000-მდე სამხედრო, რომელიც უკრაინის საზღვრებთანაა დარჩენილი,  2014 წლის შემდეგ მათი ამ ტერიტორიებზე თავმოყრის ჯერ კიდევ უდიდესი რაოდენობაა.

კომენტარები