ვაქცინაცია

გამყრელიძე ვაქცინაციაზე: აცრაზე მოთხოვნა ჭარბობს მიწოდებას და ეს უნდა დავაბალანსოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 10 მაისს, 24 საათის განმავლობაში ერთ დღეში ვაქცინა ყველაზე მეტმა, 4 689 ადამიანმა გაიკეთა. ეს შედეგი, მისი თქმით, პროგრესულია, თუმცა, საკმარისი არ არის. 

"გუშინ, 24 საათში ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ვაქცინაციის რიცხვი გვქონდა - 4 689, რომელიც პრინციპში პროგრესული და კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მაის-ივნისში გვინდა, რომ იყოს ყოველმხრივი დამყოლობა, რომ ივნისის განმავლობაში ავიდეთ 7-8000-ზე. 

ამ შემთხვევაში ვაქცინათა ის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის და რომელთა შემოსვლაც ნამდვილად დადასტურებულია, იძლევა იმის საშუალებას, რომ ივნისის ბოლომდე ჩვენ გვქონდეს დაახლოებით 358 000 დოზა ვაქცინის, საიდანაც 67-68 000-მდე უკვე ათვისებულია". – ამბობს გამყრელიძე. 

მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოზე განიხილავენ ასტრაზენეკას ვაქცინაზე ასაკის დაწევას, ასევე სინოვაკის ადმინისტრირების საკითხს. როგორც გამყრელიძე ამბობს, აცრებზე მოთხოვნა მიწოდებას ჭარბობს. 

"დღეს იმუნიზაციის საბჭოზე განხილული იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ასტრაზენეკაზე ასაკის დაწევის, მათ შორის სინოვაკის ადმინისტრირების დაწყების საკითხი, იმიტომ, რომ ამ დღევანდელ ეტაპზე, მოთხოვნილება ჭარბობს მიწოდებას და ეს უნდა დავაბალანსოთ". – ამბობს გამყრელიძე.


ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ეს დოზები განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს  შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო. 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის, პეკინის სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები