ნიკა მელიას საქმე

ღარიბაშვილი მელიაზე: არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული შოუ

საქართველოს მთავრობა

"არ არის საინტერესო, აღარ არის საინტერესო". – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდას.

პრემიერმა ევროკავშირზე დასმულ კითხვას თავი რამდენჯერმე აარიდა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და არ აინტერესებს "გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგმული შოუ". 

"ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ ეს ადამიანი ამბობდა, მას ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს არ გადაიხდიდა. რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არავის შევეკითხებით... ამ ქვეყანაში არავინ არ დგას და იდგება კანონზე მაღლა და არც კანონზე დაბლა. მაგრამ ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას, არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ბაქიბუქობდა ტყუილად. ასევე ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და არ მიიღებდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად". – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

8 მაისს, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. მათივე ცნობით,  გირაოსთვის თანხა ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო, ხოლო ხელისუფლებას 40 000 ლარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა.


ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება. 

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები