ვაქცინაცია საქართველოში

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველოს წითელი ჯვარი 100 000 დოზა სინოფარმის ვაქცინას აჩუქებს

წითელი ჯვარი საქართველოს 100 000 დოზა სინოფარმის ვაქცინას გადმოსცემს - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პირველ ეტაპზე საქართველო 100 000 დოზა ვაქცინას მიიღებს, თუმცა ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

"დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის ძირითად სფეროებს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვაქცინის მოზიდვის პროცესში წითელი ჯვრის დახმარებას.

იგეგმება კონკრეტულად სინოფარმის ვაქცინის დონაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის და ასევე ჩინეთის წითელი ჯვრის საშუალებით. რაც იქნება დიდი დახმარება ჩვენი ვაქცინაციის პროგრამისთვის. დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმასთან დაკავშირებით, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ის 100 000 დოზა, რასაც წითელი ჯვარი შემოგვთავაზებს“, - თქვა მან.

ჩინურმა ვაქცინამ, სინოფარმმა გუშინ, 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო.

ჩინური წარმოების ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ის ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები.

ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, 4 მაისს სინოფარმის ვაქცინა ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.  

3 მაისს WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16 125 ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები