ვაქცინაცია

ხათუნა ზახაშვილი ჩინური სინოფარმით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ჩინური სინოფარმით აიცრა. 

"კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაზე გადის ის გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ პანდემიის დამარცხებამდე და ჩვენს ქვეყანას მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენთვის ეს დაძლევადი საკითხია. ჩვენ შეიძლება, მოზრდილები, ერთიანად მოვბილიზდეთ და ყველამ მივიღოთ ჩვენთვის განკუთვნილი ვაქცინა და ამით ვიხსნათ ჩვენი ქვეყანა".- ამბობს ზახაშვილი. 

4 მაისს, სინოფარმის ვაქცინით აიცრა დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც. 

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, 4 მაისს თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.  

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

 

კომენტარები