ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით საჭიროა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თანხმობა.
"ამნისტიის კანონი შეეხება შესაბამის პირებს, ვინც თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე, ეს არის ძალიან მარტივი ჩანაწერი, რომელიც გამომდინარეობს შეთანხმების სულისკვეთებიდან. ბუნებრივია, დაუშვებელია ვინმეს იძულება, რომ გამოვიდეს ციხიდან, თუ მას არ სურს. აქედან გამომდინარე, ამნისტიასთან დაკავშირებით საჭიროა მელიას თანხმობა". – ამბობს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.
ქართული ოცნების ვერსიაში წერია, რომ ამნისტია არ შეეხება ისეთ პირს, ვინც თანხობას არ განაცხადებს ამნისტიაზე. ოპოზიციის ნაწილის და სამოქალაქო სექტორის თქმით, ეს ჩანაწერი არის აბსურდი და არ შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმებას.
კანონპროექტის მიხედვით, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.
ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება.
პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.
შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (გიორგი რურუას და ნიკა მელიას).
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმ, ევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.