პოლიტიკური კრიზისი

წილოსანი: დოკუმენტზე ხელმომწერებს დაწერილიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ, ან მანიპულირებენ

პარლამენტი

"მე ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი პოლიტიკური ლიდერების დიდ ნაწილს ან დაწერილიდან შინაარსის გამოტანა უჭირს, ან ძალიან თავხედურად მანიპულირებენ". – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი პალიტრანიუსის ეთერში ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას.

"შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, ჩვენი ყველა  საერთაშორისო მნიშვნელოვანი პარტნიორი დიდი ხანი მუშაობდა ჩვენთან ერთად და მთელი ეს პროცესი წარმატებულ შედეგამდე მიიყვანა, მკაფიოდ განსაზღვრავს ამნისტიის აუცილებლობას და ეს აუცილებლობა გამომდინარეობს იქიდან, რომ დასრულდება პოლიტიკური დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩა 19-21 ივნისის საკითხებზე და უნდა შეეხოს ყველა ბრალდებულს და მსჯავრდებულს, რომელიც ამ დღეების დანაშაულებთან არის დაკავშირებული". – ამბობს წილოსანი. 

ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ.   

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (გიორგი რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები