პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია ამნისტიაზე: სამწუხაროა, რომ რეჟიმის უტიფრობას ოპოზიციის მძიმე შეცდომამ შეუწყო ხელი

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ დაინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის შეფასებისას ამბობს, რომ "ივანიშვილის რეჟიმის, მისი გარემოცვის უტიფრობას" ხელი ოპოზიციის წევრების მიერ დაშვებულმა "მძიმე შეცდომამ" - დოკუმენტზე ხელის გაუაზრებლად მოწერამ შეუწყო.

"ივანიშვილის რეჟიმის, მისი გარემოცვის უტიფრობა და უსინდისობა მოულოდნელი, სამწუხაროდ, არ არის. კიდევ ურო სამწუხაროა, რომ მათ ხელი შეუწყო ამაში იმ მძიმე შეცდომამ, რომელიც დაუშვა ჩვენი პარტნიორების ნაწილმა ოპოზიციიდან, როდესაც ასე ნაჩქარევად და გაუაზრებლად მოაწერა ხელი დოკუმენტზე, როგორც დიდ შეთანხმებაზე და გამოაცხადა ეროვნულ შერიგებად. 

სამწუხაროდ, უკვე ვხედავთ შედეგებს, რომ ამ ამბავმა კი არ დაძრა კრიზისიდან გამოსვლის პროცესი, უბრალოდ, დამატებითი ინსტრუმენტები მისცა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების უტიფრობის პირობებში, ამ რეჟიმს, რომ კიდევ უფრო გააღრმაოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უნდობლობა ყველაფრის მიმართ. ეს არის ამ რეჟიმის სახე, ამიტომ იყო შეცდომა ამ სტრატეგიით და ტაქტიკით მიდგომა ოპოზიციის ნაწილისგან და ამიტომ ვიყავით ჩვენ, ევროპული საქართველო, ამის წინააღმდეგი". – ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა ნიკა მელია პოლიტიკური დაკვეთით დაიჭირა და ნებისმიერ წამს, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეუძლიათ, "უმარტივესი გზით" გაათავისუფლონ. თუმცა, ბოკერია აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ამის სურვილი არ აქვს და მათ პოლიტიკური ოპონენტების დასუსტება და მორალური დისკრედიტაცია, ძალის დემონსტრირება სურთ. ევროპული საქართველოს ლიდერის შეფასებით, ხელისუფლებას ამის შესაძლებლობა შეთანხმებამ გაუზარდა. 

"ამნისტიის ნაწილში პასუხისმგებლობა აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც ოპოზიციიდან ხელი მოაწერა. მათ გააზრებულად რომ ემოქმედათ და ახლაც თუ შეძლებენ დაცვას პოზიციის, შეუძლიათ, მიიღონ ამნისტია, რომელიც მელიას სურვილის მიუხედავად შეეხება მას. ოღონდ, არ მინდა, ვინმემ ასე გაიგოს - მე არანაირ რჩევას არ ვაძლევ და არაფრისკენ მოვუწოდებ მათ, ვითარება ისეთია, რომ აქ მათი პასუხისმგებლობაა. ჩვენი რჩევა და მოწოდება იყო, რომ ასე ნაჩქარევად, მინიმუმ, გაუაზრებლად ამ შეთანხმების დასრულება იყო დიდი შეცდომა". – ამბობს გიგა ბოკერია.  

პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

ქართული ოცნების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა, ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და  144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა. კანონპროექტში არ წერია არაფერი დაზარალებულის თანხმობის შესახებ. 

ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (გიორგი რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები