ინდოეთი-ჩინეთი

ჩინეთის სამთავრობო გვერდზე ინდოეთში კოვიდაფეთქებას დასცინეს

ჩინეთის პოპულარულ სოციალურ ქსელში Weibo ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის ცენტრალური პოლიტიკურ და სამართლებრივ საქმეთა საბჭოს გვერდზე ინდოეთში კორონავირუსის კრიზისს დასცინეს

სამთავრობო გვერდმა გაავრცელა ორი ფოტო, სადაც, პირველ ფოტოში ჩინეთში რაკეტის გაშვება ჩანს, ხოლო მეორე ფოტოში ინდოეთში კორონავირუსით დაღუპულების კრემაცია. 

ფოტოზე ვკითხულობთ შემდეგ აღწერას: "ცეცხლის დანთება ჩინეთში VS ცეცხლის დანთება ინდოეთში". პოსტში ასევე ეწერა, რომ ინდოეთში ერთ დღეში 400 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ფოტო 2 მაისს გაავრცელეს, თუმცა მოგვიანებით წაშალეს. კომუნისტური პარტიის ამ ერთ-ერთ გვერდს მილიონობით გამომწერი ჰყავს.​ გამომწერთა ნაწილი პოსტს აკრიტიკებდა. 

აღნიშნული პოსტის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა, ინდოეთის პრემიერმინისტრს ინდოეთში კორონავირუსის კრიზისის გამო მიუსამძიმრა. 

ინდოეთში კორონავირუსის მიმდინარე კრიზისზე ვრცლად შეგიძლიათ, იხილოთ ტაბულას სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც გასული წლის 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

საგულისხმოა ისიც, რომ ინდოეთი აშშ-სთან, იაპონიასთან და ავსტრალიასთან ერთად ოთხმხრივი უშიშროების დიალოგის, ქუადის წევრია. ჩინეთისგან მომავალ მზარდ საფრთხესთან ერთად, ბოლო დროს, სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ სამომავლოდ შორეულ აღმოსავლეთში აშშ-ს ლიდერობით NATO-ს მსგავსი ალიანსის შესაძლო შექმნაზე.

კომენტარები