ინდოეთი-ჩინეთი

ინდოეთი 59 ჩინური აპლიკაციის სამუდამოდ აკრძალვას აპირებს

ინდოეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ გამოსცა განცხადება, რის მიხედვითაც, 59 ჩინური აპლიკაციის სამუდამოდ აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ინდურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

ინდოეთმა ეს აპლიკაციები თავდაპირველად გასული წლის ივნისში აკრძალა და მაშინ მათ შანსი მისცა, აეხსნათ თავიანთი პოზიცია კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობაზე

"მთავრობა უკმაყოფილოა კომპანიების პასუხებითა და ახსნებით. ამრიგად, 59 აპლიკაციაზე აკრძალვა სამუდამოა". – ადგილობრივი გაზეთი ამ საქმეში გათვითცნობიერებულ წყაროს ციტირებს. 

ივნისში ქვეყნის მთავრობის განცხადებით, აპლიკაციები ინდოეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და "საზიანოა ინდოეთის სუვერენიტეტისთვის, ერთიანობისთვის, თავდაცვისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის".

მაშინ აკრძალვას წინ უძღოდა 15 ივნისს, გალვანის ხეობაში, ინდოეთისა და ჩინეთის სადავო საზღვარზე მომხდარი დაპირისპირება, რასაც 20 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა და 76 დაშავდა.

ინდოეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ ჩინური აპლიკაციები მას შემდეგ აკრძალა, რაც მათზე სხვადასხვა წყაროდან არაერთი საჩივარი მიიღო, რომ აპლიკაციებით იპარავდნენ და ფარულად, უნებართვოდ გზავნიდნენ მომხმარებელთა ინფორმაციას.

კომენტარები