გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ნავთობის შესყიდვისთვის აშშ-ს მიერ დამატებით დაწესებული ტარიფების ფონზე ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი ჩინეთს ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად ეწვევა.
Reuters-ის წყაროს თქმით, მოდი ჩინეთში, ქალაქ თიენძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტს დაესწრება, რომელიც 31 აგვისტოს დაიწყება.
ეს ჩინეთში მოდის პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება 2018 წლის ივნისის შემდეგ, რის მერეც, 2020 წელს ჰიმალაის საზღვარზე ჩინეთსა და ინდოეთს შორის სამხედრო შეტაკებების შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოდიმ და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ოქტომბერში რუსეთში გამართულ BRICS-ის სამიტზე საუბარი გამართეს, რის შემდეგაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა.
Reuters-ის სხვა წყაროს მიხედვით, პარალელურად, ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, აჯიტ დოვალი რუსეთში იმყოფება და ტრამპის ზეწოლის ფონზე რუსული ნავთობის შესყიდვები უნდა განიხილოს.
გამოცემის თანახმად, დოვალი ვიზიტის ფარგლებში სავარაუდოდ ინდოეთში პუტინის შესაძლო ვიზიტსა და თავდაცვის სფეროში რუსეთთან ინდოეთის თანამშრომლობას განიხილავს, მათ შორის, მოსკოვიდან ინდოეთში მიმავალი S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებზე წვდომის უფრო სწრაფად მოპოვების საკითხს.
Reuters აღნიშნავს, რომ დოვალის შემდეგ რუსეთს მომდევნო კვირებში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ეწვევა.
ჩინეთში ინდოეთის პრემიერის შესაძლო ვიზიტის შესახებ ცნობები აშშ-სა და ინდოეთს შორის დაძაბულობის ფონზე ვრცელდება.
დღეს, დონალდ ტრამის ბრაძანების შედეგად აშშ-მ ინდოეთს ყველა იმპორტზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დაუწესა, რის შედეგადაც ინდოეთის საქონელზე დაწესებული ტარიფების რაოდენობა ჯამში 50% გახდა. გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენაა.
30 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ინდოეთს 1-ელი აგვისტოდან 25%-იან ტარიფებსა და ჯარიმას დაუწესებს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ინდოეთს ზედმეტად მაღალი ტარიფები აქვს, რუსულ სამხედრო აღჭურვილობას ყიდულობს და ჩინეთთან ერთად რუსული ენერგიის უმსხვილესი შემსყიდველია.





