პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი მელიაზე: დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა, წარმავალია ამქვეყნიური დიდება

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე სტატუსს წერს ენმ-ს ლიდერ ნიკა მელიაზე.

"გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ. არ ყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი როგორც პოლიტიკოსმა. ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება". – წერს პაპუაშვილი.

ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება

პარლამენტში ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე უკვე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (გიორგი რურუას და ნიკა მელიას).

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია.

კომენტარები