მიანმარი

მიანმარში იაპონელ ჟურნალისტს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდება წაუყენეს

იუკი კიტაძუმი
BBC

მიანმარში იაპონელ ჟურნალისტს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდება წაუყენეს. ინფორმაციას მიანმარში იაპონიის საელჩო ავრცელებს.

იუკი კიტაძუმი პირველი უცხოელი ჟურნალისტია, რომელსაც მიანმარში მომხარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ბრალი წაუყენეს. კიტაძუმი 18 აპრილის დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაშია.

იუკი კიტაძუმი ქვეყანაში დამოუკიდებელ ჟურნალისტად მუშაობდა და სხვადასხვა მსხვილ იაპონურ მედიასთან თანამშრომლობდა. იაპონიის საელჩო ხუნტას ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. თუ ჟურნალისტს ბრალი დაუმტკიცდება, მას სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.

გარდა იმისა, რომ კიტაძუმი სამხედრო გადატრიალებას და მის შემდეგ დაწყებულ პროტესტს და უშიშროების ძალების მიერ დემონსტრანტების მოკვლას აშუქებდა, ის ასევე აქტიურად წერდა სოციალურ მედიაზე იმ გავლენაზე, რომელიც გადატრიალებამ მოქალაქეებზე იქონია.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს. ქვეყნის დე-ფაქტო ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები, მათ შორის პრეზიდენტი, დააკავეს. ისინი შინაპატიმრობაში არიან.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, ხმოვან ყუმბარებს და ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო იარაღს იყენებენ.

ორგანიზაცია პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, სამხედრო გადატრიალების შემდეგ 2 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და 700-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის თანახმად, დააკავეს 80-მდე ადგილობრივი ჟურნალისტი, რომელთაგან 50 კვლავ დაპატიმრებულია.

გასულ კვირას  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მიანმარის ხუნტის გენერალი მინ აუნ ჰლაინი ესწრებოდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების ცნობით, ისინი მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერთან ქვეყანაში კრიზისის დასრულებისთვის კონსენსუსზე შეთანხმდნენ.

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს გასული სანქციები დაუწესეს.

კომენტარები