ვაქცინაცია

ამირან გამყრელიძე 4 მაისს ჩინური ვაქცინით, სინოფარმით აიცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე 4 მაისს ჩინური ვაქცინით, სინოფარმით აიცრება. ინფორმაცია ტაბულას NCDC-ში დაუდასტურეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აპრილიდან სინოფარმით ასაცრელად სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე. ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით. ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.

ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა, თუმცა, იმ პირობით, რომ აპრილის ბოლომდე ავტორიზაციას გაივლიდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებოდა სინოფარმით აცრები. ამის მიუხედავად, ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მაისის დასაწყისში, აღდგომის დღესასწაულების შემდეგ, 4 მაისს თუნდაც არაავტორიზებული ვაქცინა ჩართოს პროცესში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამის მიზეზი 55 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ასტრაზენეკას ვაქცინის შეზღუდვა და რთული ეპიდვითარებაა. საქართველოს მთავრობას სინოფარმთან მოლაპარაკებები კიდევ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის მოწოდებაზე აქვს.  

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები