ნიკა მელიას საქმე

ხაზარაძე: ვაპირებ, მელია მოვინახულო, ვესაუბრო, რომ დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს

მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ის უახლოეს დღეებში ნიკა მელიას მონახულებას და მასთან ორ საკითხზე საუბარს აპირებს. ხაზარაძე ამბობს, რომ ის მელიასთან გირაოს თაობაზე საუბარს გეგმავს, რათა ენმ-ის თავმჯდომარე დაეთანხმოს ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას, რომელიც, ხაზარაძის თქმით, "უპრეცედენტოა".

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან ამიტომ მან უნდა გამოიყენოს ეს შანსი. ეს იქნება გალაწუნება ქართული ოცნებისთვის და მათი მართლმსაჯულებისთვის". – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მეორე საკითხი, რომლის განხილვასაც ლელოს ლიდერი ნიკა მელიასთან გეგმავს, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაა.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმებას ხელს არ აწერენ ენმევროპული საქართველო, ლეიბორისტული პარტია და პარტია კანონი და სამართალი, ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრი და ამჟამად დროას ლიდერი ელენე ხოშტარია

შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებაა. ხელმომწერებმა ვალდებულება აიღეს, ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (ნიკა რურუას და ნიკა მელიას საქმეებზე).

ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის შეთანხმება 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის გამოცხადებას მოიცავს. 

27 აპრილს რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან. 

ოპოზიციის კანონპროექტის მიხედვით, ამნისტირებული უნდა იყოს ის მუხლები, რომლითაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, როგორც მომიტინგეების, ისე სამართალდამცველების წინააღმდეგ, ხოლო ქართული ოცნების კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველა შესაძლო დანაშაულსა და მუხლზე, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. 

ამავდროულად, მხარეები თანხმდებიან, რომ ამნისტია არ უნდა გავრცელდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევებზე, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური მოპყრობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ა.შ. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავთა დანაშაულებზე ამნისტიის გავრცელებით საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო.

კომენტარები