წვრილმანი ხულიგნობა

სამხარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: უსამართლოა, იქ კანონზე არაფერი წერია, პროცედურაზეა

ნიკოლოზ სამხარაძე
კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2

"ვფიქრობ, უსამართლოა, იმიტომ, რომ იქ შინაარსზე არ არის არაფერი, თვითონ კანონდმებლობის შესახებ არ წერია, არის პროცედურაზე". – ქართული ოცნების დეტუტატი ნიკოლოზ სამხარაძე, აშშ-ის საელჩოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

სამხარაძის თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ კანონმდებლობის ცვლილება ოპოზიციასთან საკმარისად განხილული არ იყო, მაგრამ კომიტეტზე ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილნი იყვნენ.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტიელება იყო, რომელმაც გააუქმა დაკავების სხვადასხვა ვადების არსებობა და პარლამენტს დაავალა, ეს ცვლილებები აესახა კანონმდებლობაში პირველ მაისამდე. აქედან გამომდინარე, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა ეს ასე არ იყო, იმიტომ, რომ კომიტეტზე ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილნი იყვნენ გუშინაც და გუშინწინაც და იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და კომიტეტებზე არ დადიან, ძალით კომიტეტის სხდომებზე ვერ მოვიყვანთ". – თქვა სამხარაძემ

სამხარაძის თქმით, კანონმდებლობის სწრაფად განხილვა მოხდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნილ ვადებში დამტკიცება.

"ყველა ქვეყანაში კანონის უზენაესობა არის მთავარი, მათ შორის, საქართველოშიც, შესაბამისად, ეს პასუხი, რომ ჩვენ ვადებს ვერ დავარღვევდით, იმ ვადებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიწესა, ამ ვადების დაურღვევლობის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება". – ამბობს სამხარაძე


დღეს, 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

აშშ-ს საელჩო საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამკაცრებას გამოეხმაურა.

როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა". 

კომენტარები