წვრილმანი ხულიგნობა

ჯაფარიძე სანქციებზე: ბიუროს დავესწრებით, წარმოვადგენთ ჩვენს ალტერნატიულ კანონპროექტს

ლელო

პარლამენტში ლელოს დეპუტატი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა და რომელიც ამკაცრებს პასუხისმგებლობის ზომებს წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. 

ჯაფარიძის თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია სამშაბათს, 4 მაისს ბიუროს სხდომას დაესწრება, რომელზეც კანონპროექტი განიხილება. მისივე თქმით, ოპოზიცია ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ პროექტს ვეტო დაადოს. 

"სამშაბათს ამნისტიის კანონზე იქნება ბიუროზე მსჯელობა და იქ, რა თქმა უნდა, დავესწრებით. [...] ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა ცალსახად გამოხატეს თავიანთი აღშფოთება ამ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებასთან დაკავშირებით. წარვადგენთ ჩვენს ალტერნატიულ კანონპროექტს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა დაადოს ვეტო. ასეთი ფორმით, ასე დაჩქარებული წესით ადმინისტრაციული კოდექსში ცვლილების შეტანა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, ახლა უნდა ვიფიქროთ საზოგადოების გამთლიანებაზე; პირიქით, ასეთი ტიპის კანონი აღრმავებს დაპირისპირებას. მინდა, მოვუწოდო პრეზიდენტ ზურაბიშვილს, დაადოს ვეტო ამ კანონპროექტს, რომელიც გუშინ მიიღეს დაჩქარებული წესით და სათანადო ნაბიჯებს გადავდგამთ ჩვენი მხრიდან. თუკი ვეტო დაედება, გაგვიჩნდება შესაძლებლობა, ჩვენი მხრიდან შევთავაზოთ სათანადო ცვლილებები". – თქვა ჯაფარიძემ საზმაუს ცნობით. 


29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.

ქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები მბობენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩოც. როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა" და რომ ისინი "იმედგაცრუებულები არიან" ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. 

კომენტარები