წვრილმანი ხულიგნობა

GDI სანქციებზე: რეალური მიზანი რეპრესიული მექანიზმებით კრიტიკული აზრის ჩახშობაა

შალიკა სტუდიო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა და რომელიც ამკაცრებს პასუხისმგებლობის ზომებს წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ როგორც კანონის შინაარსი, ისე მისი მიღების დაჩქარებული პროცესი მიუთითებს, რომ ხელისუფლების რეალური მიზანი ქვეყანაში რეპრესიული მექანიზმების გამოყენების გზით კრიტიკული აზრის ჩახშობაა.

"საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ხელშესახები დასაბუთებისა და აუცილებლობის წარმოჩენის გარეშე, დაჩქარებული წესით განიხილა და ამით ხელი შეუშალა საკითხის განხილვას საზოგადოების ფართო ჩართულობით. ამავდროულად, განხილვა თანაწილი ე.წ. კომენდანტის საათის დროს მიმდინარეობდა, რითაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ფაქტობრივად წაერთვათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ საგნობრივ დისკუსიაში და წარედგინათ საკუთარი პოზიციები პარლამენტში". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

GDI-მ შეისწავლა მესამე მოსმენით მიღებული კანონი. მომზადებულ დოკუმენტში მკაფიოდ არის წარმოჩენილი ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განსაზღვრული სამართალდარღვევისათვის სანქციების გამკაცრებასთან. მათ შორის, გამოიკვეთა, რომ: 

  • სამართალდამცავი ორგანოების მიერ 166-ე და 173-ე მუხლების გამოყენებისას გამოკვეთილი ხარვეზების (ა) და ზოგად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების დროს გამოკვეთილი პროცედურული პრობლემების (ბ) გამო სანქციების გამკაცრება მსუსხავ ეფექტს იქონიებს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციაზე; 
  • არ არსებობს სანქციების გამკაცრების ლეგიტიმური მიზანი;
  • მიღებული ცვლილებები არ არის აუცილებელი და პროპორციული;
  • განმარტებით ბარათში მოხმობილი ქვეყნების გამოცდილება არარელევანტურია.

ზემოაღნიშნულის გამო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები უარყოფით გავლენას იქონიებს ქვეყანაში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვის ხარისხზე, ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სტანდარტებს და არ მოდის თანხვედრაში სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან.


29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი  დაუჭირა. ქართული ოცნების კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

სამოქალაქო აქტივისტები მბობენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

ცვლილებებს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ს საელჩოც. როგორც საელჩოს განცხადებაში წერია, ქართულმა ოცნებამ, ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციის არგამართვის გამო "მოლოდინი არ გაამართლა" და რომ ისინი "იმედგაცრუებულები არიან" ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. 

კომენტარები