დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სადავო ტერიტორიის საზღვარზე შეტაკება მოხდა, დაღუპულია 1 ადამიანი

The Guardian

The Gurdian-ის მიხედვით, ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ სამხედრო ძალებს შორის დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და თვრამეტი დაშავდა.

დაპირისპირების მიზეზი ტაჯიკი ჩინოვნიკების მიერ გოლოვნოის წყლის გამანაწილებელ ცენტრში სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟებაა, რომელიც, როგორც ყირგიზეთი ამბობს, მდებარეობს იმ ადგილას, სადაც სუვერენიტეტი ჯერ განსაზღვრული არ არის.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან მოყოლებული, ორ ქვეყანას შორის რიგი ტერიტორიული კონფლიქტები წარმოიშვა. საზღვრის ორ მესამედზე მეტი დავის საგანია, მათ შორის ტაჯიკეთის დე-ფაქტო ექსკლავის ვორუხის გარშემო არსებული ტერიტორია, სადაც დღეს მოხდა დაპირისპირება.

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თქმით, ტაჯიკურმა მხარემ მიზანმიმართულად მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება, უსაფრთხოების კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ ტაჯიკური მხარე ტერიტორიაზე ნაღმტყორცნებისთვის პოზიციებს ადგენს. 

ტაჯიკეთის უსაფრთხოების კომიტეტმა ყირგიზეთი დაადანაშაულა ტაჯიკი ჯარისკაცებისთვის ცეცხლის გახსნაში. მათი თქმით, ორი დაჭრილი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათგან ერთი კრიტიკულ მდგობარეობაშია.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა და ყირგიზეთის მოქალაქეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს.

განვითარებულ მოვლენებზე ასევე შეშფოთება გამოხატა უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მხარეებს მოუწოდა, დაუყონებლივ შეაჩერონ შეტაკება, მიიღონ ერთობლივი ზომები სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს.

კომენტარები