უკრაინა-რუსეთი

მოსკოვის საპასუხოდ უკრაინა რუს კონსულს აძევებს

Front News International

კიევი რუს დიპლომატს აძევებს. ოდესაში მოსკოვის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

უკრაინული მხარის თქმით, ეს მოსკოვის მიერ უკრაინული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის გაძევების არამეგობრულ გადაწყვეტილებაზე პასუხია.

უკრაინის დასატოვებლად მას სამი დღე აქვს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, უკრაინელი დიპლომატის გაძევება ანტიუკრაინული კამპანიის გაგრძელებაა. სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი შემდგომ ქმედებებს უპასუხებს. 

უკრაინამ გასულ კვირას გააძევა რუსი დიპლომატი მოსკოვის მიერ სანქტ-პეტერბურგში უკრაინელი კონსულის, ოლექსანდრ სოსონიუკის, გაძევების პასუხად. 

17 აპრილს სანქტ-პეტერბურგში უკრაინელი დიპლომატი, სოსონიუკი, დროებით დააკავეს. ის ეჭვმიტანილი იყო საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობაში. 

FSB წერდა, რომ უკრაინელი დიპლომატი რუსეთის დაუდგენელ მოქალაქესთან შეხვედრის დროს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა. 

ეს ევროპის ქვეყნებსა და რუსეთს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობების ბოლო შემთხვევაა. აპრილში რუსეთსა და რამდენიმე დასავლურ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა.

ამასთანდ ერთად, მარტის ბოლოდან აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ბოლო პერიოდში ეს ერთ დღეში უკრაინული მხარის ყველაზე დიდი დანაკარგი იყო. უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია დაიწყო.

23 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ანექსირებულ ყირიმში გადაყვანილი დამატებითი ძალების გაყვანა და მათი საკუთარ მუდმივ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო. მანამდე, 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარებს უბრძანა, რომ 1-ელ მაისამდე თავიანთ მუდმივ სამყოფელს დაუბრუნდნენ.

დაძაბულობის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრაინის მთავრობის წევრებს შორის აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია გაიმართა.  2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ეს მათი პირველი სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი დონბასსა და ყირიმში მიმდინარე აგრესიის ფონზე. სატელეფონო საუბრები  გაიმართა აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ტარანს შორისაც. ოსტინმა დაგმო რუსეთის აგრესია და პროვოკაციული ქმედებები. სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორისაც. ყველა ოფიციალურ საუბარში აშშ თავის აქტიურ მხარდაჭერას უდასტურებს უკრაინას.

კომენტარები