უკრაინა-რუსეთი

უკრაინელი მწვრთნელი: რუსეთში არასდროს ვიმუშავებ, რადგან უკრაინაში დავიბადე

მოლდოვური საფეხბურთო კლუბის, შერიფის უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა, იური ვერნიდუბმა რუსი ჟურნალისტის, ნობელ არუსტამიანის იუთუბ არხზე ინტერვიუს დროს, განაცხადა, რომ რუსეთში არასდროს იმუშავებს. უკრაინელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ რუსეთში მუშაობის ვარიანტს 2014 წლიდან აღარ განიხილავს და ეს მისი არჩევანია.

"ეს ჩემი უფლებაა, ჩემი არჩევანია. ჯერ ერთი ამას არასდროს გავაკეთებდი, რადგან უკრაინაში დავიბადე. ამ ქვეყანამ ყველაფერი მომცა, რაც გამაჩნია. მისი მადლობელი ვარ და ძალინ მიყვარს. აზრს არასდროს შევიცლი. მეორეც, მამაჩემი, რომელიც ცოცხალი აღარაა, ამ გადაწყვეტილებას ვერასდროს გაიგებდა." - უთხრა ვერნიდუბმა ჟურნალისტს.

იური ვერნიდუბს რუსეთში არასდროს უმუშავია. თუმცა, 1997-2000 წლებში ვერნიდუბი სანკ პეტერბურგის ზენიტის შემადგენლობაში ფეხბურთელის რანგში თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ ვერნიდუბის გაწვრთნილი ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი ტირასპოლის შერიფი მიმდინარე გათამაშებაში შესანიშნავად გამოიყურება. შერიფმა სექტემბერში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გამართულ მატჩში, რეალის დამარცხება მოახერხეს. ამჟამად კი მოლდოველები D ჯგუფში მესამე ადგილს იკავებენ. 

კომენტარები