ჭყონდიდის ეპარქია

დეკანოზი თამაზი ჭყონდიდზე: მთელი ეკლესიის სირცხვილია, მუშტი და გინება არაა ქრისტიანობა

ეს მთელი ეკლესიის სირცხვილია. სალხინოში დღეს, ბზობას, სამარცხვინო საქმე ჩაიდინეს მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდასაჭერად მისულებმა. მუშტი და გინება არაა ქრისტიანობა. ქრისტეს რჯულის მიხედვით და, უბრალოდ, წესიერი კაცის სინდისის ხმითაც, დღეს იმ ადგილას წირვა უნდა გაჩერებულიყო, აღარ უნდა ჩატარებულიყო მსხვერპლის შეწირვა, თუ ადამიანების ასეთი სიძულვილი იყო იქ მყოფ მრევლში. სასულიერო პირს მუშტი დაარტყეს სახეში, ჟურნალისტებს ხელი ჰკრეს და თხრილში გადაყარეს ცოცხალი ადამიანები, აგინებდნენ ბოლო, უბინძურესი სიტყვებით. ესაა ქრისტიანობა? ამის ჩამდენები შემდეგ შედიხართ ტაძარში და საკურთხევლის წინ წირვას ესწრებით? არ შეიწირავს უფალი თქვენს არცერთ სიტყვას. არის სახარებაში ქრისტეს ერთ-ერთი მთავარი მცნება – "თუ მსხვერპლის შესაწირად მიდიხარ და საკურთხეველთან გაგახსენდება, რომ შენი ძმა ნაწყენია შენზე, დატოვე შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა და შემდეგ შესწირე შესაწირავი." (მთ. 5, 23-24) არ შეიწირავს უფალი შენს არც ლოცვას და არც არავითარ მსხვერპლს, სანამ გარეთ მდგარი შენი ძმები დაჩაგრულები, ნაწყენები, ნაცემები და დავიწყებულნი არიან შენ მიერ.

2019 წელს, როცა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გადააყენეს, აშკარა იყო, რომ ეს ვერ მოაგვარებდა ჭყონდიდის ეპარქიის პრობლემას და კიდევ ბევრ უმძიმეს რამეს გამოიწვევდა. მას შემდეგ წარმოუდგენელი, უმძიმესი და არნახული ბრალდებები გვესმა და ვნახეთ. დღესაც ასეა: სანამ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას საკითხი არ გადაწყდება საეკლესიო სასამართლოს და საეკლესიო კანონების აბსოლუტურად ყველა ნორმების სრული და პირუთვნელი დაცვით, არა და არ მოგვარდება ჭყონდიდის ეპარქიაში დაწყებული უმძიმესი პრობლემა, უსამართლობა გადაედება ყველაფერს და დააზიანებს საქართველოს მთელ მართლმადიდებელ ეკლესიას. იფიქრეთ ხალხზე, იფიქრეთ მორწმუნე მრევლზე, იფიქრეთ სასულიერო პირებზეც, იფიქრეთ მათზე, ვისგანაც შედგება და ვისთვისაცაა ეს ეკლესია. იმედია, ჩვენი ეკლესიის მმართველ ორგანოში კარგად ესმით ამ საკითხის სერიოზულობა

ასე ეხმაურება დეკანოზი თამაზ ლომიძე ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს. 25 აპრილს სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. ადგილზე ჩავიდა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

კომენტარები