ჭყონდიდის ეპარქია

სალხინოს ეკლესიის ეზოში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიის ეზოში მიტროპოლიტ სტეფანეს გამოჩენას ხმაური მოჰყვა და ეკლესიის ეზოში მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

ვითარება ეკლესიის ეზოში რამდენჯერმე დაიძაბა. პირველად მოქალაქეები ერთმანეთს ბიზნესმენ კლემენტი კეკუტიას გამოჩენის შემდეგ დაუპირისპირდნენ.  ადგილობრივი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მას ტაძარში მოსვლის უფლება არ აქვს, რადგან ის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ღიად უპირისპირდებოდა.  ისინი აცხადებდნენ, რომ სანამ კეკუტია ტერიტორიას არ დატოვებდა, მიტროპოლიტ სტეფანეს არ შემოუშვებდნენ. 

დაძაბულობა ფიზიკურ დაპირისპირებაში თავად მიტროპოლიტის გამოჩენის შემდეგ გადაიზარდა. 

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. მათ შესასვლელი ჭიშკარი ჩაკეტეს და მოქალაქეებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ. 

სალხინოს ტაძარში სასულიერო პირები 22 აპრილს დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, ის აპირებს ეკლესიიდან განკვეთოს ის 3 სასულიერო პირი, რომლებიც სალხინოს ტაძარში დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, თუ ისინი მის წინაშე არ მოინანიებენ. 


ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები