ევროკავშირი-რუსეთი

საფრანგეთი: ნავალნი თუ დაიღუპება, ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს

22 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ივ ლე დრიენმა, თქვა, რომ, თუ დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, გარდაიცვლება, ევროკავშირი ახალ სანქციებს დააწესებს.

"ნავალნიზე უმოწყალო თავდასხმა აუტანელია. ჩვენ საჭირო სანქციებს დავაწესებთ და ეს ბატონი პუტინის და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა იქნება. იმედი მაქვს, ექსტრემალურ ზომებს არ მივიღებთ". - თქვა მან. 

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის გამო გაზრდილი დაძაბულობის შესახებ მან თქვა, რომ ამ დროისთვის ევროკავშირი სანქციებს არ განიხილავს და არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს. 

"ის [პუტინი] ზოგჯერ საშიში [მეზობელია], მაგრამ, ის მაინც იქაა, ამიტომ ლაპარაკი უნდა გავაგრძელოთ". - თქვა მან. 

ფრანგი მინისტრის აზრით, რუსეთს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა არ სურს, თუმცა "საზღვართან ჯარები შემთხვევების რისკს ქმნის".

რამდენიმე დღის წინ ალექსეი ნავალნი პოკროვის № 2 კოლონიიდან ვლადიმირს № 3 კოლონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის ადვოკატის, ვადიმ კობზევის თანახმად, პოლიტიკოსი კოლონიის ტუბერკულოზის საავადმყოფოს ერთკაციან განყოფილებაში იმყოფება და მისი ერთადერთი მკურნალობა გლუკოზის წვეთოვანია.

მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა დაიწყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, ექიმების თანახმად პლიტიკოსს სისხლში კალიუმის საგანგაშოდ მაღალი დონე აქვს, რამაც შეიძლება გულის პრობლემები და გულის შეტევაც კი გამოიწვიოს.

მარტში, პოკროვის კოლონიაში გადაყვანის შემდეგ, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას ზურგის ძლიერი ტკივილი აწუხებდა და კიდურები უბუჟდებოდა, ნავალნის ხერხემლის თიაქარი აქვს. 31 მარტს პოლიტიკოსმა შიმშილობა დაიწყო. მისი მოთხოვნაა, დაუშვან მასთან დამოუკიდებელი ექიმი, რათა მისგან მიიღოს სათანადო მკურნალობა.

ცნობილი ადამიანები, მათ შორის მსახიობები, მწერლები, რეჟისორები, პუტინს დაჟინებით მოუწოდებენ, ნავალნიმ სამედიცინო დახმარება მიიღოს.

21 აპრილს ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე რუსეთის 97 ქალაქში 1 788 ადამიანი დააკავეს

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ჯგუფის, Amnesty International-ის ცნობით, რუსეთის მთავრობა, შესაძლოა, ნელა კლავს ნავალნის. ორგანიზაცია ამბობს, რომ რუსი ოპოზიციონერი ისეთ პირობებშია, რაც წამებას უდრის და ამან, შესაძლოა, მისი ნელი სიკვდილიც გამოიწვიოს.


ალექსეი ნავალნი რუსეთში გერმანიიდან 17 იანვარს დაბრუნდა, ის ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. გერმანიაში ის "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას რუსეთში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრებისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ კოორდინირებულად რუს მაღალჩინოსნებს სანქციები მარტის დასაწყისში დაუწესეს. ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს.

25 მარტს კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 რუს მაღალჩინოსანსა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელს "რუსეთში ადამიანის უფლებების უხეში და სისტემატური დარღვევისთვის" სანქციები დაუწესა.

კომენტარები