ისრაელი

სირიის სარაკეტო თავდასხმას ისრაელმა საპასუხო ცეცხლის გახსნით უპასუხა

ისრაელის სარაკეტო თავდასხმა სირიაზე, 2020 წელი, თებერვალი
France24

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სირიის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა ნეგევის უდაბნოში გაანეიტრალეს. 

როგორც ისრაელის მედია იუწყება, თავდასხმა კონკრეტულ სამიზნეზე არ მომხდარა. რაკეტა, რომელიც ისრაელის ნეგევის უდაბნოში გაანეიტრალეს, სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა ისრაელის ავიაგამანადგურებლების მიმართულებით. ინციდენტამდე ამ თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს სირიის ტერიტორიაზე, დამასკოსთან ახლოს. როგორც ჩანს, ისრაელის საჰაერო სივრცეში შეჭრილმა რაკეტამ მიზანი დაკარგა და ბრმა მიმართულებით გაფრინდა. 

რაკეტამ ისრაელის ქალაქ დიმონაში საგანგაშო სიგნალი გააქტიურა.

საპასუხოდ ისრაელის ძალები ავიაგამანდგურებლებით თავს დაესხნენ სირიის ტერიტორიაზე მყოფ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის იმ დანადგარსაც, რომელმაც რაკეტა მათი მიმართულებით გაუშვა. 

სირიის სამთავრობო მედია სააგენტოს ცნობით, სირიის თავდაცვის ძალებმა შეძლეს ისრაელის საპასუხო რაკეტების უმეტესობის მოგერიება, თუმცა, მათივე სიტყვებით, დაშავდა 4 სამხედრო და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. 

Jerusalem Post-ის ცნობით სირიული რაკეტა ამერიკულმა პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.

მნიშვნელოვანია, რომ სირიული რაკეტა ისრაელის დიმონას ბირთვულ ელექტროსადგურთან ახლოს, 30 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

ისრაელი სირიის ტერიტორიაზე ხშირად ესხმის თავს ირანის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო დაჯგუფებებს, როგორიცაა ჰეზბოლა

გასათვალისწინებელი გარემოებაა ისიც, რომ ინციდენტი ირანის ნათანზის ბირთვული კომპლექსის 11 აპრილის საბოტაჟის შემდეგ მოხდა. ნათანზის სადგურზე ელექტრონულ გათიშვასა და აფეთქებაში ირანმა ისრაელი დაადანაშაულა.

კომენტარები